Belive

რატომ უნდა დავესწროთ საქართველო - შოტლანდიის მატჩს?

4 წლის წინ რაგბი
4 წთ
ამ სტატიას სათაურად თითქოს უაზრო კითხვა აქვს დასმული, მაგრამ, რამდენადაც მატჩზე დასწრების მიზეზები არ საჭიროებს ძებნას, იმდენად საჭიროა რომ შაბათის მატჩის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ დავუფიქრდეთ და გავიაზროთ, რომ ეს არ არის მორიგი მატჩი სადაც უბრალოდ მივალთ, ვუგულშემატკივრებთ "ბორჯღალოსნებს", გავიხარებთ მარტივი ან მეტ-ნაკლებად რთული გამარჯვებით და კმაყოფილები დავბრუნდებით სახლში, არა ეს სულ სხვა შემთხვევაა, ისეთი, როგორც დამოუკიდებლობის ისტორიაში ჯერ არ გვქონია, მაშ ასე გადავხედოთ ამ მატჩის შედარებით არასათამაშო მხარეებს:

6 ერიდან გამადიდებელი შუშით

საქართველოს ნაკრები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად აკაკუნებს ევროპის უპირველესი სანაკრებო ტურნირის, 6 ერის კარზე, თუმცა აქამდე ამ ორგანიზაციის მესვეურები კართანაც ვერ მოვიყვანეთ. შოტლანდიასთან მატჩი იქნება ის შემთხვევა, როდესაც ევროპული რაგბის მამები უკვე კარის ჭუჭრუტანიდან დაგვაკვირდებიან, და აქ გულშემატკივრის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, და არამხოლოდ, ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხს უდიდესი ყურადღება მიექცევა, იქნება ეს მატჩის გახსნა, გულშემატკივართა ქცევა, მათი რაოდენობა, ბალახის საფარი და ა.შ. ამ მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება კი მორიგი არგუმენტი იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მაშინ როდესაც საუბარი "ბორჯღალოსნების" 6 ერში მონაწილეობაზე წავა.

გაცილება მსოფლიო თასზე

4 წლიანი ციკლი დასასრულს მიუახლოვდა და ეს ბოლო მატჩია, რომელსაც საქართველოს ნაკრები შინ გამართავს მსოფლიო თასის დაწყებამდე. პლანეტის პირველობა კი შორეულ იაპონიაში ტარდება და უმნიშვნელოვანესია რომ "ბორჯღალოსნებს" სამშობლოდან ხმაურიანი გულშემატკივრობა და დადებითი ემოციები გავაყოლოთ. ეს არის ნაკრები, რომელიც ათეულობით წლის მანძილზე, განურჩევლად ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა მდგომარეობისა, გულშემატკივრებს სიხარულს ჩუქნის და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენც უნდა ვაჩუქოთ მათ დამსახურებული ქომაგობა. წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული. 2015 წელს ბორჯღალოსნებმა ინგლისში 2 მატჩი მოიგეს, რაც უდიდესი მიღწევა იყო ქართული რაგბისათვის და ასევე ხელშესახებიც, რადგან გუნდმა შესარჩევის გარეშე გაინაღდა იაპონიაში ჩასატარებელ მსოფლიო თასზე ასპარეზობა. წელს ამ შედეგის გამეორება ურთულესი იქნება, მაგრამ ერთად დგომით არც ესაა შეუძლებელი, ამიტომ ეს ფაქტორიც კარგადაა გასააზრებელი, თუ "ბორჯღალოსნებს" ამომავალი მზის ქვეყნის სტადიონებიდან ვერ ვუქომაგებთ, დაე მთელი ენერგია ხვალ "დინამო არენაზე" დავხარჯოთ.  

პირველად პირველი დონის ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 1989 წელს გამართა და აი 30 წლის შემდგომ საქართველოს პირველად სტუმრობს პირველი დონის ნაკრები. სქოთების ეს საქციელი დასაფასებელია და მადლობა იმსახურებს (არაერთმა ქართველმა ჟურნალისტმა გადაუხადა მათ მადლობა წინასამატჩო პრესკონფერენციებზე). თუმცა იმსახურებს კარგ ბრძოლასაც, რაც შოტლანდიელებს მსოფლიო თასის წინ აუცილებლად წაადგებათ. 6 ერში მონაწილე შოტლანდია ხალხმრავალ სტადიონებს ნამდვილად მიჩვეულია, თუმცა არის ერთი ფაქტორი რითიც მათი გაკვირვება შეგვიძლია. ტრადიციულად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპული ქომაგობის სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება, შოტლანდიელებს კი დიდი ხანია აღმოსავლეთ ევროპაში გადაჭედილი ტრიბუნების წინ, ჯოჯოხეთურ ხმაურში არ უთამაშიათ, ჩვენ კი შანსი გვაქვს მეტოქეს ხვალ  ეს ატმოსფერო შევუქმნათ, ამაში კი წვლილის შეტანა თითოეულ თქვენგანს შეუძლია.   მატჩი შაბათს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება, ბილეთების შეძენა კი TKT.GE-სა და "დინამო არენას" სალაროებში შეგიძლიათ   ფოტო - საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები