Belive

Rugby Europe | მორიგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მამის კვალდაკვალ

3 წლის წინ რაგბი
5 წთ
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კიდევ ერთი ამომავალი ქართველი ვარსკვლავის - მიხეილ ალანიას შესახებ სტატია გამოქვეყნდა. თავდაპირველად, რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილის პროგრესით იყო აღფრთოვანებული და 18-წლის ქართველ მორაგბეს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. დავით ნინიაშვილის შემდეგ, რაგბი ევროპის ყურადღების ცენტრში მიხეილ ალანია მოექცა, რომელიც 7 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაშია შეყვანილი. მიხეილ ალანია 2 წლისაც არ იყო, როდესაც 2002 წელს, სქართველომ რუსეთი დაამარცხა და 2003 წლის მსოფლიო ტასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღნიშნული მატჩი "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით, ანგარიშით 17:13 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს, რუსეთის დამარცხებაში საკუთარი წვლილი მიხეილ ალანიას მამამ - კახა ალანიამ შეიტანა. 2002 წელს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. "ბორჯღალოსნებმა" პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და ავსტრალიაში გასამგზავრებლად მოემზადნენ.
"როდესაც კახა ალანიას შვილი ხარ, მუდმივად ისმენ ისტორიებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და გამორჩეული მორაგბე იყო. ის ძალიან კარგი იყო ბურთის წაღებაში და ბრწყინვალე პასი ჰქონდა. მსმენია მატჩის შესახებ, რომელშიც საქართველომ რუსეთი დაამარცხა - მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი რამ კარგად არ მახსოვს. ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა აღნიშნული დაპირისპირების ყურება. სამწუხაროდ, ვიდეო ჩანაწერის მოძიება ვერ შევძელი. უზომოდ ამაყი ვარ, რომ აღნიშნულ გამარჯვებაში მამა მონაწილეობდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა."
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1993-2004 წლებში ასპარეზობდა, კახა ალანია შვილს არასდროს აძალებდა რაგბს მიყოლოდა.
"13-14 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომლითაც მსურს დავკავდე. ძალიან მინდოდა საკუთარი შესაძლებლობების სპორტის ამ სახეობაში გამოცდა. ვარჯიში "ჩოხოსნების" სარაგბო კლუბში დავიწყე, სადაც მამის მეგობრების შვილები თამაშობდნენ. კახა და მე განსხვავებულ პოზიციებზე ვთამაშობდით - ის ცენტრი იყო. მიუხედავად ამისა, ის ჩემთან ძალიან დიდ დროს ატარებდა, რათა სარაგბო უნარების განვითარებაში დამხმარებოდა, ჩემი შესაძლებლობები დაეხვეწა დ ოფლოუდები ესწავლებინა." "გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, საქართველოს U-20 მორაგბეთა ნაკრებთან საკმაოდ პოზიტიური მოგონებები მაკავშირებს. საკმაოდ ძლიერი სამწვრთნელო გუნდი და პროფესიონალი პერსონალი გვემსახურებოდა." "გუნდთან ერთად ვარჯიში სამი წლით ადრე შემომთავაზეს. მოგვიანებით, როდესაც ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობისთვის შესაბამის ასაკს მივაღწიე, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. 2019 წელს, არგენტინაში გამართულ U-20 რაგბის მსოფლიო თასზე, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ვითამაშე. ასაკობრივი ჯგუფის მიუხედავად, "ოლ ბლქესის" წინააღმდეგ თამაშზე ნებისმიერი მორაგბე ოცნებობს - დაუვიწყარი მოგონებები დამრჩა."

1111

ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე ნაჩვენებმა ბრწყინვალე პერფორმანსმა, მიხეილს, რომელიც საკლუბო რაგბს საფრანგეთის Pro D2-ის ბინადარ "ორიაკში" თამაშობს, შესაძლებლობა მისცა 2019 წელს, ქვეყნის ეროვნული გუნდის სავარჯიშო ბანაკში დაწინაურებულიყო.
"20-წლამდელებთან ერთად, U-20 მსოფლიო თასზე ვიყავი, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეტყობინება მივიღე, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობას მთავაზობდა. სახლში ძალიან გახარებული დავბრუნდი. ოჯახის ტითოეული წევრი, რომლებიც მთელი გულით მგულშემატკივრობენ იგივეს გრძნობდნენ. მაშინ თამაშის შესაძლებლობა არ მომეცა, თუმცა უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის წყურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრა."
მიხეილმა პირველი ეროვნული სანაკრებო კეპი "შემოდგომის ერთა თასზე", ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრასი მოიპოვა. აღნიშნულ დაპირისპირებაში მიხეილი შეცვლაზე შევიდა. მიხეილი იმედოვნებს, რომ ის და მისი თანატოლი სხვა მორაგბეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ 2021 წელს კვლავ მიიღებენ თამაშის შესაძლებლობას და საკუთარ პოტენციალს გამოავლენენ. ალანიას ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლობა ნამდვილად მიეცა! 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის (გადადებულ) შეხვედრაში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. მიხეილ ალანია რუსეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის გაფართოებულ რაზმში დასახელდა.
"მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით თავდაჯერებულები ვიქნებით მოედანზე, რადგანაც მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შევერკინეთ და დავამტკიცეთ, რომ მაღალი დონის ერებთან თამაშს ვიმსახურებთ. "შემოდგომის ერთა თასზე" ასპარეზობის პერიოდში მთელი თვის განმავლობაში ერთად ვიყავით და ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. მატჩიდან - მატჩამდე ვვითარდებოდით და გულშემატკივარს გაცილებით უფრო მაღალი დონის პერფორმანსს ვთავაზობდით." "2021 წელს, ჩემს მთავარ მიზანს მწვრთნელების ნდობის მოპოვება და ეროვნულ ნაკრებში ფეხის მოკიდება წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ ამ შესაძლებლობას მივიღებ და ქვეყნის წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ", - აღნიშნა მიხეილ ალანიამ.
 

სხვა სტატიები