Belive

Rugbypass | ნოემბერში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდება

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება - აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სარაგბო პორტალი Rugbypass ავრცელებს. წყაროს მტკიცებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ნოემბერში "ბორჯღალოსნებისა" და "მფრინავი ფიჯელების" დაპირისპირება აუცილებლად შედგება. Rugbypass-ი აღნიშნულ ინფორმაციას ფიჯის რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს. მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა  გართულებული კოვიდ სიტუაციის გამო ტესტ-მატჩი შესაძლოა ნეიტრალურ ლოკაციაზე ჩატარდეს. შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტ-მატჩებზე, 14 ნოემბერს, საფრანგეთი საქართველოს დაუპირისპირდება. “ლე ბლესა” და “ბორჯღალოსნების” შეხვედრა ბორდოში გაიმართება. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, “ბორჯღალოსნები” მეორე ეშელონის ერებსაც დაუპირისპირდებიან და ფიჯელების შემდეგ, საქართველოში შესაძლოა ტონგას ან სამოას მორაგბეთა ეროვნულ ნაკრები ვიხილოთ. "ბორჯღალოსნებმა" "მფრინავი ფიჯელების" დამარცხება უკანასკნელად 2016 წელს შეძლეს. ოკეანეთის ტურნეს დროს, საქართველომ მეტოქეს 14:3 სძლია. მას შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან ზედიზედ სამჯერ დამარცხდა. 2018 წელს, "წყნარი ოკეანის ერთა თასზე" ფიჯიმ საქართველო 37:15 დაამარცხა. განსაკუთრებით მტკივნეული 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხი აღმოჩნდა (საქართველო 10:45 ფიჯი). 2020 წლის 5 ნოემბერს საქართველოსა და ფიჯის უკანასკნელი დაპირისპირება შედგა. "შემოდგომის ერთა თასზე", საქართველო ფიჯისთან 24:38 დამარცხდა. ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" რევანშისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ.

სხვა სტატიები