Belive

სად გაქრნენ სამურაები? ანუ ქართული რაგბის მთავარი გამოწვევა

3 წლის წინ რაგბი
22 წთ
ვეტერანი მორაგბე სანდრო საკანდელიძე "რაგბის ქომაგთა კავშირის" დაარსებას აანონსებს და გასაწევრიანებლად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და რაგბის გულშემატკივრებს იწვევს. საკანდელიძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას თავისი წესდებით მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირებს, მანამდე კი აუცლებლად დასჭირდება იურიდიული, ციფრული მარკეტინგის, ბლოგების წერის და სხვა მსგავსი უნარებით დაჯილდოებული წევრები. სად გაქრა მორაგბეთა რაინდული სული, რომელითაც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ამ სპორტის მიმდევრები? როგორ დაიშალა მორაგბეთა განთქმული ერთობა? რა ხდება სპორტში, რომელიც ჩვენს თამაშად მოვნათლეთ და რომელიც, ჩვენს ღვინოსთან და პოლიფონიასთან ერთად, ჩვენი ქართული იდენტობის ნაწილად გვესახება. ეს ის კითხვებია, რომლებზედაც ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს.

სამწუხაროდ ასევე არ გვაქვს პასუხი, უფრო სწორად არ გვაქვს სწორი პასუხი, კითხვაზე, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა და როგორ უნდა დავუბრუნოთ რაგბი სწრაფი განვითარების გზას. მოდით სანამ განვიხილავთ ამ ჩიხიდან გამოსავალ გზებს, გადავხედოთ საქართველოს რაგბის კავშირის ისტორიას, რომელშიც შეგვიძლია გამოვყოთ 3 ძირითადი ეტაპი. ეტაპი პირველი (1991 – 1995) - მსოფლიო რაგბის სამოყვარულო პერიოდი. საქართველოს რაგბის კავშირი დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდში თხუთმეტკაცა რაგბი წარმოადგენდა სამოყვარულო სპორტს, ანუ იმჟამინდელი რაგბის მესვეურებისათვის რაგბი წარმოადგენდა ცხოვრების წესს და აკრძალული იყო ამ სპორტიდან ანაზღაურების მიღება. ამ სტატუსის წყალობით თითქმის ყველა მორაგბე ამ სპორტთან უანგაროდ იყო დაკავშირებული. მათი ერთადერთი მოტივატორი იყო თამაშის სიყვარული და ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ამ სპორტს თან ახლავს.

ისევე როგორც ქვეყნისთვის, სრკ-სთვისაც ეს იყო ურთულესი პერიოდი. ომებმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა დაშლის პირას მიიყვანა ბევრი კლუბი. შესაბამისად, კავშირის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საკლუბო რაგბის შენარჩუნება, სარაგბო ტურნირების გამართვა, ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება. სრკ-ის ხელმძღვანელობის მიმართ იყო ერთადერთი მოთხოვნა - საარსებო, მინიმალური რესურსის მოძიება. შესაბამისად სრკ-ს ხელმძღვანელი პირები იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც რაგბში შემოქონდათ საკუთარი ან პარტნიორების კაპიტალი. ისინი არ იყვნენ რაგბის ყოველდღიურ მართვაში მუდმივად ჩართული მენეჯერები და მათი ეს პოზიცია უფრო წარმოადგენდა საპატიო და ნებაყოფლობით „თავის ტკივილს“ რაგბის კეთილდღეობისათვის.

ამ პერიოდის კლუბები არ წარმოადგენდა სტრუქტურირებულ ორგანიზაციულ ერთეულებს, არამედ იყო უფრო მოთამაშეთა ერთობა, სადაც ფინანსური წყაროს მფლობელებს შემოქონდათ და უნაწილებდენ მათ, ვისაც საკუთარი ფინანსური წყარო არ ქონდათ., უნაწილებდენ, რათა ამ უკანასკნელებს შეძლებოდათ რაგბში დარჩენა. ამგვარად მოთამაშეები საკუთარი პირადი ხარჯებით ყიდულობდენ ფორმას, ქირაობდენ მოედნებს და ა.შ. შესაბამისად, ყველა მხარე წარმოადგენდა დონორს, მათ შორის ისინიც, ვისაც თანხის სანაცვლოდ შემოქონდა თუნდაც საკუთარი დროის რესურსი.

ეტაპი მეორე (1995 – 2007) - რაგბში პროფესიონალიზმის დამკვიდრების პერიოდი. 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო რაგბი იყო 2 ბანაკად გაყოფილი, კონსერვატორებად და რეფორმატორებად. დაპირისპირების მიზეზს კი წარმოადგენდა რაგბის პროფესიულ სპორტად გარდაქმნის საკითხი. რეფორმატორები რაგბში დიდ ფინანსურ მოგებებს ხედავდენ. კონსერვატორებს კი ეშინოდათ, რომ პროფესინალიზმის შემოტანით დაიკარგებოდა ის რაინდული ღირებულებები, რომლითაც ეს საოცარი სპორტი გამორჩეულია.

უნდა ითქვას, რომ, როგორც სამურაების ბედი იყო წინასწარ განსაზღვრული ერთ-ერთ ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში, ასევე წინასწარ იყო განსაზღვრული კონსერვატორების ბედიც ამ ბრძოლაში. 1995 წლის 26 აგვისტოს რაგბის საერთაშორისო საბჭომ რაგბი გამოაცხადა „ღია“ თამაშად და მოხსნა შეზღუდვა მოთამაშეთა ანაზღაურებაზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაგბი გახდა პროფესიული სპორტი, რაგბი კი პროფესია. საბაზრო ეკონომიკა თავისი პრინციპებით ამოქმედდა სარაგბო სამყაროში, რაგბი კი ამ სამყაროს პრინიცპების თანაზიარი შეიქმნა.

თუმცა რეფორმატორები კონსერვატორებს ერთ რამეს მაინც დაპირდნენ. დაპირდნენ იმას, რომ რაგბში ფინანსური სარგებლის მიღებასთან ერთად ისინი პარალელურად რაგბის ფასეულობების ერთგულებიც დარჩებოდენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, სამურაებს კი დახოცავდენ, თუმცა გულში ყველანი ცოტათი სამურაებად დარჩებოდენ.

ამ პერიოდიდან მოყოლებული მსოფლიოში დაიწყო რაგბის არნახული განვითარება, ის დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სპორტს, შემოსავლების ზრდის თუ გავრცელების ტემპის მიხედვით.

ჩვენთან, ბოლო ათწლეულამდე, მსოფლიო რაგბში მომხდარი ეს უდიდესი ცვლილება მთელი სისრულით არ იგრძნობოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ პროფესიონალიზმი ჩვენთად შემოვიდა მხოლოდ ნაწილობრივ. 1995 წლიდან ქართველ მორაგბეებს საშუალება მიეცათ უცხოურ კლუბებში თამაშის სანაცვლოდ მიეღოთ ხელფასები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ქართველ მორაგბეთათვის შესაძლებელი გახდა  რაგბით „ოჯახის რჩენა“.

საქართველოში პროფესიონალიზმის დამკვიდრებას ხელი შეუწყო მაშინდელი სრკ-ის ხელმძღვანელობის (ბიძინა გეგიძე) გადაწყვეტილებამ საქართველოში ჩამოეყვანა ბ-ნი კლოდ სორელი, რომელმაც  გახსნა საფრანგეთის სარაგბო კლუბების კარები ქართველი მორაგბეებისთვის და ნაკრებში დაამყარა პროფესიონალიზმი. ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა საქართველოს რაგბის არნახული განვითარება შემდგომი დეკადის განმავლობაში.

ეტაპი მესამე (2007 – დღემდე) - სახელმწიფოს ჩართულობა, ინერციული ზრდა, პლატო და დაღმართი. სრკ-ის ზემოთმოყვანილი გადაწყვეტილების, ჩვენი საამაყო მოთამაშეების პროფესიონალიზმის და მათი ნიჭის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა არნახულ წამატებას მიაღწია და 2003 წლიდან ის მსოფლიო თასის გათამაშების უცვლელი მონაწილე გახდა. ნაკრების რეიტინგიც მე-3 მე-4 ათეულიდან 2007 წელს განისაზღვრა მე-16 ადგილით.

ამ პერიდში მოთამაშეთა პროფესიონალიზმის ფაქტორით მიღებული ეფექტი უკვე რეალიზებული იყო და ქვეყანაში რაგბის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი გახდა განვითარების მეორე ეტაპზე გადასვლა, რაც ამ სპორტის მასიურ განვითარებას გულისხმობდა. რაგბს უნდა მოეცვა უფრო მეტი ბავშვი და ამ ბავშვებთან უნდა გვემუშავა სწორად, უნდა განგვეხორციელებინა პერსპექტიულ მოთამაშეთა სელექცია და შეგვემუშავებინა მათი განვითარების და რაგბში მათი შენარჩუნების ეფექტური პროგრამები.

2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელი გახდა. სახელმწიფომ დაინახა ის უდიდესი პოტენციალი, რაც ქართულ რაგბში დევს. დაინახა, რომ ამ სპორტში ინვესტირებას ქვეყნისათვის განუზომლად დიდი ამონაგები აქვს. სახელმწიფომ რაგბის განსავითარებლად გამოყო თანხები, ხოლო ფონდმა ქართუმ დაიწყო სარაგბო ინფრასტრუქტურის არნახული განვითარება. ორივე წყაროს გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ეტაპზე რაგბი გახდა საქართველოში ყველაზე უხვად დაფინანსებული სპორტის სახეობა.

თუმცა სრკ-ის გაუჩნდა ახალი გამოწვევა, რომელიც არცერთ წინა ეტაპზე მათ წინაშე არ იდგა. ეს გამოწვევა იყო რესურსების სწორი მართვა, ანუ სწორი მენეჯმენტი. დღეს ამ ორგანიზაციაში თანამშრომელთა რაოდენობა აღწევს 300 კაცს, წლიური ბიუჯეტი 25 მლნ ლარს და სამართავი აქტივების ღირებულება დაახლოებით 300 მლნ ლარის ოდენობისაა.

აქ კი სრკ-მა განიცადა სრული ფიასკო. მესამე ეტაპზე სახელმწიფოდან მიღებული დაახლოებით 200 მლნ ლარის რესურსების სწორ მართვას ვინ ჩივის, მათი ელემენატალური აღრიცხვაც კი ვერ მოახერხა.

ჩემს დასკვნებს, რომ არ ვენდოთ მოდით შევხედოთ ისეთ ობიექტურ და დამოუკედებელ კრიტერიუმებს, როგორიც არის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნები და სარეიტინგო სისტემები:

სპორტული შედეგი

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სარაგბო ქვეყნების რეიტინგები, რიგი მიზეზების გამო, შედარებით ობიექტურ ნიშნულზე მხოლოდ მსოფლიო თასის ჩატარების პერიოდში დგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ 2007 წელთან შედარებით მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს გვქონდა 2 ადგილიანი გაუმჯობესება, 2011 წლიდან მოყოლებული ჩვენ ყველა მსოფლიო თასს ვასრულებთ მე-14 სარეიტინგო ადგილით. ამ ინფორმაციას თუ დავუმატებთ იმას, რომ, თუნდაც 2011 წლის მსოფლიო თასის შედეგები (შოტლანდიასთან ულელოო ანგარიში 6:15 და ინგლისთან ბურთის და მოედნის 60/70%-იანი ფლობა, არგენტინასთან მოგებული პირველი ტაიმი) დღეს ჩვენთვის სანატრელი შეიქნა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტული შედეგის საწყისი 2 ადგილიანი გაუმჯობესების შემდეგ, ჩვენ წინ ვეღარ წავედით და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი თამაშის ხარისხი, უკეთესს შემთხვევაში, დაუბრუნდა საწყის ნიშნულს. შვიდკაცა რაგბის შედეგების გაუარესება კი იმდენად აშკარაა, რომ მას ყველა მხარე აღიარებს.

ოპერაციული და ფინანსური შედეგი 

ოპერაციული შედეგების მოსაყვანად ობიექტურ კრიტერიუმად შეგვიძლია გამოვიყენოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის BDO-ს ანგარიშები. დეტალებზე არ შევჩერდები, ვინაიდან ამ ანგარიშების მოძიება შესაძლებელია. მათზე ბევრი მილაპარაკია ეთერში და დამიწერია ჩემს ბლოგებში. მოკლე შეჯამება კი არის ის, რომ სახელმწიფოდან ანუ ყოველი ჩვენგანიდან, სრკ-ზე სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადაცემული მიწები გაყიდულია არასაბაზრო (დაბალ) ფასად, გაუმჭვირვალე პროცედურებით. ამის შემდეგაც კი ხელშეკრულება შეცვლილია და გასაყიდი ღირებულება კიდევ უფრო შემცირებულია თითქმის მილიონი ლარით. მთელი რიგი მომსახურებები ნაყიდია დაკავშირებული მხარეებისგან, მაღალ ფასად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის გარეშე, ასეულობით ათასი ლარის ხარჯები გაწეულია მათი მიზანშეწონილობის დასაბუთების გარეშე და ა.შ.

2015 წლამდე (ბ-ნი გია ნიჟარაძის პერიოდი) ანუ ახალი მართველობის მოსვლიდან 11 წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ ხდებოდა აღრიცხვა. დისბალანსი აქტივებსა და პასივებს შორის აღწევდა 23 მლნ ლარს. თითქმის ყველა ხარჯი ტარდებოდა ერთ ანგარიშზე, რაც ნიშნავს რომ სრკ ვერ  ხედავდა, თუ სად და რა ოდენობის სახსრებს ხარჯავდა. სრკ-ს არ ქონდა ბიუჯეტი, რაც ნიშნავს, რომ ის თავის ხარჯებს და საქმიანობას არ გეგმავდა. სრკ-ს არ ქონდა თანამშრომელთა ერთიანი ბაზა, არ ახდენდა ხელფასის დარიცხვის უწყისის წარმოებას, საშეჯიბრო თანხები გაიცემოდა ხელზე და ანგარიშვალდებული პირისგან არ მოითხოვებოდა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მოტანა და ა.შ.

ამ ყველაფრის გვირგვინი კი არის 2019 წლის ფინანსური აუდიტის წინასწარი ანგარიში, რომელიც დღემდე გამოცემული არ არის და სადაც ჩანს რომ სრკ 2020 წელს შეხვდა 10 მლნ ლარის დავალიანებით, რომელიც არ არის დაბალანსებული შესაბამისი აქტივებით. წმინდა სამუშაო კაპიტალი არის მინუს 10 მლნ ლარი, რაც რაგბის კავშირის შემოსავლების თითქმის ნახევარს შეადგენს და მიუთითებს იმაზე რომ სრკ გაკოტრების პირას დგას. რადგან აქამდე გავუძელით, ერთ ინფორმაციასაც დავამატებ და ამაზე დავასრულოთ შედეგიბის განხილვაც. წინასწარ ანგარიშში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO უარს აცხადებს ფინანსური ანგარიშის დადასტურებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სრკ-ს აღრიცხვიანობაც, ისევე როგორც სპორტული შედეგი, დაუბრუნდა ძველ ნიშნულს.

ცნობილი ფაქტია, რომ მზარდი კომპანიების გაკოტრების ძირითადი მიზეზი მართველობითი ხასიათისაა. კომპანია შემოსავლების ზრდის პარალელურად არ აუმჯებესებს სტრუქტურას, არ შემოაქვს დამატებითი უნარები კომპანიაში. ბიზნესის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად, იზრდება მართველობითი შეცდომებიც, რთულდება პროცესების კონტროლი და წარმატებული მცირე თუ საშუალო კომპანია, უფრო დიდ კომპანიად გადაზრდის შემთხვევაში გარდაიქმნება წარუმატებელ, ვალებში ჩაფლულ კომპანიად, რომელიც საბოლოოდ კოტრდება

შეიძლება ითქვას რომ სრკ დღეს წარმოადგენს სწორედ ასეთ გაკოტრებულ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი ანუ სახელმწიფო დახმარების გარეშე ვეღარ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.

ერთი შეხედვით გამოსავალი მარტივია. ორგანიზაციამ უნდა შეცვალოს  არსებული მართველობა უფრო კომპეტენტურით. მაგრამ აქ უკვე თავს იჩენს მეორე, უფრო ღრმა და დაფარული პრობლემა.

ორგანიზაციის სტრუქტურის ფორმირება იწყება ე.წ. „პრინციპალის“ (დამკვეთის) და „აგენტის“ (შემსრულებლის) ურთიერთობის განსაზღრით. ნებისმიერი ორგანიზაცია ვითარდება დამკვეთის - ვექტორის მიხედვით. წარმატებული გამოდგება ის ორგანიზაცია, რომელიც სტრუქტურას ისე განსაზღრავს, რომ როცა შემსრულებელი ზრდის ორგანიზაციის, ანუ დამკეთის შემოსავლებს, მისი შემოსავლებიც იზრდება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ორგანიზაციას ექმნება პრობლემები და ის გრძელ ვადაში კოტრდება.

სრკ-ის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ პრინიცაპლს წარმოადგენს კლუბები, ხოლო აგენტს პრეზიდენტი და მისი მმართველი ჯგუფი.

მოგეხსენებათ, რომ კლუბებს გააჩნია საკუთარი ინტერესები და ეს ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, არ არის თანმხვედრი ეროვნული ნაკრების ინტერესებთან. ამის მაგალითად საფრანგეთის მოყვანაც კმარა, სადაც კლუბები ბლოკავენ ეროვნულ ნაკრებში თავიანთი მოთამაშეების გაგზავნას. ანუ რაგბის კავშირის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მისი განვითარების ვექტორი შეიძლება გადაიხაროს რომელიმე დომინანტური ხმების მქონე კლუბის ინტერესების მიმართულებით.

ამომრჩეველი კლუბების რაოდენობა განსაზღვრულია დაახლოებით 40 ერთეულით. ვინაიდან ზოგიერთ კლუბს შეუძლია ქონდეს 4 ხმაც, რამოდენიმე კლუბის გაერთიენებით, შესაძლებელი ხდება სასურველი კანიდიდატის პრეზიდენტად გაყვანა.

ეხლა დავამატოთ ის, რომ სრკ-ს და შესაბამისად კლუბების ძირითადი შემოსავლის წყაროს დღეს წარმოადგენს სახელმწიფოდან მიღებული შემოსავლები. ამიტომ პრეზიდენტის არჩევისას ძირითადი მოლაპარაკებებიც ხდება ორ თემაზე: 1. დალაგებული აქვს თუ არა კანდიდატს სახელმწიფოსთან. დადებითი პასუხის შემთხვევაში მიდის მოლაპარაკება იმაზე, თუ  2.  სახელმწიფო საბიუჯეტო „ნამცხვრის“ რა წილი შეხვდება ამ თუ იმ კლუბს.

სწორედ ამის გამოა, რომ არცერთი სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები არ ჩატარებულა საარჩევნო პროგრამების რეალური განხილვით და არცერთ კლუბს არ მოუთხოვია საარჩევნო დაპირებების შესრულების ანგარიში.

სწორედ ამის გამოა, რომ დღეს იგივე კლუბები, რომლებიც ერთი წლის წინ საჯაროდ ამტკიცებდნენ გოჩა სვანიძის წარმატებულ მენეჯმენტს და აღნიშნავდნენ, რომ ყველა მისი გადაწყვეტილების თანამონაწილეები იყვნენ და მეორე ვადით უნდა აგვერჩია პრეზიდენტად, დღეს, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა, რომ ეს პერიოდი ქართული რაგბისთვის კატასტროფული იყო და ბ-ნი გოჩა ვეღარ შეძლებდა პრეზიდენტობას, ზურგს აქცევენ მას და პოულობენ ახალ „მარჩენალს“ სოსო ტყემალაძის სახით, რომელიც ინდივიდუალურად ხვდება კლუბებს და ამ ნამცხვრის დიდ ნაჭრებს პირდება მათ.

ამის გამოვლენაა, რომ დღეს აბუს უწევს გოჩა სვანიძის გვერდზე ჯდომა და ჩუმად ყოფნა, როცა გოჩა ამტკიცებს თითქოს საინიციატიცო ჯგუფის წევრებმა ვნახეთ ფინანსური ანგარიშები და დავრწმუნდით, რომ არანაირი დარღვევები მისი მართველობის პერიოდში არ მომხდარა, და ამიტომ მოხდა ჩვენი შერიგებაც და მისი გამგეობის თავმჯდომარედ წარდგენა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი ფინანსური ანგარიში საინიციატივო ჯფუფს არ უნახავს და არანაირი კითხვები გოჩა სვანიძის მართველობის პერიოდთან დაკავშირებით მოხსნილი არ არის. საქმეს სწავლობს პროკურატურა და ველით მათ პასუხს, წერტილი.

აი აქ კი შევჩერდები და დავუბრუნდები ტექსტის დასაწყისში დასმულ კითხვას, რა დაგვემართა მორაგბეებს და როგორ მოვედით აქამდე? ეს ხომ კვლავ ის ხალხია, რომლებსაც, ამ 20 წლის წინ, საკუთარი ოჯახიდან მოკლებული რესურსები შემოქონდათ რაგბში. მოდით არ გადავიჭრათ ფსიქოლოგია-ფილოსოფიაში და უბრალოდ ვთქვათ, რომ ამ საკითხში კარგი კაცი და ცუდი კაცი არაფერ შუაშია, ისევე როგორც კარგი ყოფილი მორაგბე და სუსტი ყოფილი მორაგბე. საკითხი ეხება არა კეთილი ადამიანების აღზრდას, არამედ ორგანიზაციის სწორად მოწყობას.

ქართული რაგბი დღეს ისე უნდა გავმართოთ როგორც საჭიროა ჩვენი მიზნების მისაღწევად. იმიტომ, რომ სწორედ მიზნების ანუ მისიის განსაზღრით იწყება ნებისმიერი ორგანიზაციის მოწყობა.

I. ჩვენი მიზანი ნათელია და ალბათ ყველასთვის მისაღები:

ა. რაგბი გვინდა იმიტომ, რომ ჩვენი შვილები აღვზარდოთ ჯანმრთელ ვაჟკაცებად;

ბ. რაგბი გვინდა იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ამ თამაშის სხვებზე უკეთ თამაშის შესაძლებლობა. ეს თამაში გვიხდება და ჩვენც ვუხდებით ამ თამაშს. ეს თამაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და ყველაზე მზარდი. აქ მიღწეული წარმატება უამრავ დივიდენდს მოუტანს საქართველოს და მას უაღრესად პოზიტიურ ჭრილში წარადგენს მთელი მსოფლიოს წინაშე. რაგბი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას განვითარებაში;

გ. და ბოლოს, რაგბი ჩვენ გვინდა იმიტომ, რომ ამ სპორტით ვიცხოვროთ.

II. ვის უნდა ეკუთვნოდეს რაგბი?

პასუხი აქაც მარტივია - მათ, ვისაც ზემოხსენებული მიზნების განხორციელება უნდა. ესენი არიან მორაგბეები და ქომაგები. მორაგბეები არიან ისინი, ვინც რაგბს თამაშობს ან უთამაშია (კრიტერიუმს მოვიფიქრებთ) და ქომაგები არიან, ისინი, ვისაც რაგბი არ უთამაშიათ, თუმცა რაგბი უყვართ და ამ სიყვარულში ყოველთვიური საწევრო 5 ან 10 ლარის გადახდა არ დაენანებათ.

ქომაგები და მორაგბეები ერთად იქნებიან საქართველოს რაგბის კავშირის წევრები თითო ხმის უფლებით. საარჩევნო ხმების დაფიქსირება შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ასევე იქნება რაგბთან მათი მუდმივი, ორმხრივი კავშირის საშუალება. აპლიკაციის მეშვეობით ისინი შეიძენენ რაგბის ბილეთებს სპეციალურ ფასად, გამოავლენენ საუკეთესო მოთამაშეს, საუკეთესო ლელოს და ა.შ. ბევრი რამის მიბმა შეიძლება აპლიკაციაზე. მაგალითად, საარჩევნო დანაპირებების შესრულების პუნქტობრივი დადასტურება, ჩარტერულ რეისებზე ბილეთების გათამაშება და სხვა, მაგრამ ეგ ცალკე დასაწერი თემაა.

ამომრჩევლების სიმრავლის გამო (30-40 ათასი), შეუძლებელი იქნება მათი კლანებად და ბლოკებად შეკვრა. ისინი არ გაიყიდებიან არც კარტოფილზე და არც ყალბ დაპირებებზე. სიმრავლის გამო მათ ვერ დაემუქრებიან რომელიმე კანდიდატზე ხმის მიცემის შემთხვევაში პირობითი სასჯელის შეტრიალებით და ვერ მოუხსნიან 7 თვის ბავშვის ოპერაციის დაფინანსებას. ყველას ექნება ერთი ხმა, რაც უზრუნველყოფს მათ ერთადერთობას და იმას, რომ რაგბში ვერ განხორციელდება ეგრეთწოდებული „hostile takeover“ ანუ აქციების (ხმების) ერთ ხელში მოქცევა.

III. ვის უნდა ჩავაბაროთ რაგბი სამართავად? 

რა თქმა უნდა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად, წარადგენს საუკეთესო საარჩევნო პროგრამას და დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეძლებს ამ პროგრამის შესრულებას. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლბელი იქნება მაგალითად 2 წლის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, იმ შემთხვევაში, თუ არჩეული პრეზიდენტი მეტად გულმავიწყი აღმოჩნდება გაცემული დაპირებების კუთხით.

IV. ზემოხსენებული შედარებით ადვილი მისაღწევია. ეხლა კი ცოტა რთულზე გადავიდეთ - როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? რატომ დათმობენ კლუბები ძალაუფლებას?

მთლიან დათმობა არც უნდა მოხდეს. კლუბებს უნდა დარჩეს ხმების გარკვეული ოდენობა მაგალითად 30%.

მეორე პასუხი კი ისაა, რომ კლუბებს უნდა დავანახოთ, რომ გრძელ ვადაში ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება, იმიტომ, რომ თუ მოვლენები დღევანდელი სცენარით გაგრძელდა რაგბი აუცილებლად უკან წავა და შესაბამისად აუცილებლად შეწყდება დაფინანსებაც.

თან შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ამას ისინი ჯერ კიდევ 2015 წელს დაგვიპრდენ, როცა სახალხოდ განაცხადეს, რომ რაგბი აღარაა ოჯახური კლანი და ის ფასეულობათა სისტემაა, რომელიც ყველას ეკუთვნისო. ჰოდა თუ ყველას ეკუთვნის გადმოგვიფორმონ კიდეც, ოფიციალურად.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამის მისაღწევად მოგვიწევს მუშაობა, მოგვიწევს გაერთიანება და ეს გაერთიანება, რაც უფრო დიდი იქნება, მით მალე ჩამოვტვირთავთ რაგბის აპლიკაციას ჩვენს მობილურებში და გავხდებით რაგბის სამყაროს აქტიური წევრები.

მე გთავაზობთ ჩამოვაყალიბოთ „რაგბის ქომაგთა კავშირი“. თითუეული ჩვენგანი გავწევრიანდეთ მასში და რაგბის კავშირი გავხადოთ ჩვენი საამაყო მორაგბეების ღირსი ორგანიზაცია, რომელიც ამ ბიჭების კისერზე კი არ ჩამოეკიდება და მათ ხარჯზე კი არ იარსებებს, არამედ მათ გვერდზე დადგება და იმ უღელს, რასაც ქვეყნის განვითარება და შენება ქვია, მათთან ერთად გასწევს.

ორგანიზაციას თავისი წესდებით ამ კვირაში დავარეგისტრირებთ, მანამდე კი აუცლებლად დაგვჭირდება იურიდიული, ციფრული მარკეტინგის, ბლოგების წერის და სხვა მსგავსი უნარებით დაჯილდოებული წევრები, ამიტომ ვისაც  სურვილი გაქვთ, რომ შემოურთდეთ ამ ორგანიზაციას გთხოვთ ხმა მომაწვდინოთ [email protected].