Belive

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილება მიიღო

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
საქართველოს რაგბის კავშირში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ბაჩო ხურციძე არალეგიტიმურს უწოდებს, ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს განცხადება დაახარვეზა და მას დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად კონკრეტული დრო მისცა. მიმდინარე წლის 6 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად თავისი რეგისტრაცია მოითხოვა. აბუსერიძემ ასევე მოითხოვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება მიირო, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 8 თებერვალს აიტვირთა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია." "რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც; ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო." "აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება; სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა." "ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო, განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევას." "საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე; ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი."
წყარო: napr.gov.ge

სხვა სტატიები