Belive

სამოტივაციო შეხვედრები 7-კაცასთან და ბორჯღალოსნებთან

2 წლის წინ რაგბი
5 წთ
7-ქალა ნაკრებთან სამოტივაციო შეხვედრის შემდეგ, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე 7-კაცა ნაკრებს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ეწვივნენ. გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-27 ივნისს მოსკოვში გაიმართება. სტუმრები ნაკრების წევრებს არასპორტული, კორპორატიული სამყაროდან მიღებული იმ უნარების შესახებ ესაუბრნენ, რაც მოთამაშეებს მოედანზეც გამოადგებათ. ალავიძემ მათ გააცნო ის დაგეგმილი და დაწყებული რეფორმები, რომლებიც უკვე ძალაშია, ასევე ესაუბრა სრკ-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორის, სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" პაკეტთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ერთ სიმბოლურ, თუმცა მნიშვნელოვან დეტალს. ამიერიდან ყველა ეროვნული ნაკრების სათამაშო კვართზე, 15-კაცას მსგავსად (7-კაცა და 7-ქალა) ამოტვიფრული იქნება ვაზის ლერწამი, რასაც 7-კაცას მოთამაშეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. შეხვედრით კმაყოფილი დარჩა ნიკა ალავიძე: "პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა გამოვიდა. ბიჭები მოტივირებული არიან და მოსკოვიდან კარგ შედეგს ველით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპისთვის მზადებაში პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ჩვენმა 7-კაცამ ლისაბონში ღირსეულად ითამაშა, მე-5 ადგილი დაიკავა და დარწმუნებულები ვართ, მოსკოვშიც კარგად წარმოაჩენენ თავს". "ეს იყო ერთგვარი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის ფარგლებში მორაგბეებს გავაცანით ის უნიკალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც "ბენეფიტმა" სპეციალურად ჩვენთვის შეიმუშავა. ასევე მათ გავაცანით უკვე დაწყებული და დაგეგმილი რეფორმები, ჩვენი ხედვები“. "დავადასტურეთ ერთი პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც მოთამაშეები ძალიან გაახარა. მიგვაჩნია, რომ ყველა ფორმაციის ნაკრებს ჩვენი ქვეყნის სახელი უცხოეთში გააქვს და როგორც 15-კაცა ეროვნულ გუნდს, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებების კვართებზეც დატანილი იქნება ვაზის ლერწამი. ეს საკითხი უკვე ჩვენს ახალ პარტნიორ „მაკრონთან“ თანაშრომლობით წარიმართება".
222

ინტელექტუალური თამაში 7-კაცასა და ბორჯღალოსნებისთვის მძიმე სავარჯიშო კვირის შემდეგ, ნონო ანდღულაძემ 7-კაცას წევრებს გასართობი, ინტელექტუალური თამაში შესთავაზა – "ვაშენოთ ხიდები და არა კედლები". გუნდი ორ ნაწილად გაიყო. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შეექმნათ ხიდის სხვადასხვა ნაწილი, რომლის შეერთებისას საბოლოოდ ერთ მთლიან ხიდს მიიღებდნენ. ორივე გუნდს ყავდა ორ-ორი ელჩი, რომელთა მეშვებით ხდებოდა აზრების გაცვლა და კომუნიკაცია. ანალოგიური თამაში ქონდა ეროვნულ ნაკრებსაც, რომელიც "მარტყოფის" ბაზაზე ზაფხულის ტესტებისთვის ემზადება, ოღონდ ამ შემთხვევაში მორაგბეები ოთხ ნაწილად გაიყვნენ და შესაბამისად, ოთხი დეტალის დამზადება და მათი შეერთება მოუწიათ.

თამაში სამ ნაწილს მოიცავდა – ხიდის დახატვა, ისე რომ ერთმანეთის ნახაზი არ ენახათ. გუნდები ვერ ნახულობდნენ ერთმანეთის ნამუშევარს და ელჩების კომუნიკაციის შედეგად, უნდა შეექმნათ მაქსიმალურად იდენტური ხიდი; ხიდის ნახევრის (ბორჯღალოსნების შემთხვევაში მეოთხედის) შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა დგომას და ელჩების კომუნიკაციით, ისინი იდენტური იქნებოდა; ხიდის შეერთება, ნახაზების და ნამუშევრების შედარება და შეფასება. "მსგავს ინტელექტუალურ თამაშებს ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებებში ვიყენებდით, რაც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნების განვითარება, კრეატიულობა, მოხერხებულობა, სწორი სტრატეგიის დაგეგმვა და დასახული მიზნის შესრულება. ეს არის გუნდის შენებისთვის საჭირო აქტივობა, რომელიც ამავდროულად სახალისოა და განტვირთვისთვის აუცილებელია მძიმე სავარჯიშო პერიოდში" – განაცხადა ნონო ანდღულაძემ.

ნიკა ალავიძესთან და ნონო ანდღულაძესთან შეხვედრით, ასევე ინტელექტუალური თამაშით კმაყოფილები დარჩნენ მოთამაშეები. 7-კაცას მენეჯერი სანდრო ნიჟარაძე ამბობს: "ნიკას დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით, მაგრამ გუნდში კოვიდი დაფიქსირდა და მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ის და ნონო ანდღულაძე ამ კვირაში გვესტუმრნენ და ვისაუბრეთ იმ ღირებულებებზე და მოლოდინებზე, რაც ამ ბიჭებს უნდა ქონდეთ. გვაქვს სურვილი, რომ 7-კაცა გახდეს პროფესიონალური და მეტი ყურადღება დაეთმოს. ვიცე პრეზიდენტმა ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და მთლიანობაში საინტერესო შეხვედრა გამოვიდა". "კვირას გვქონდა სახალისო, ინტელექტუალური თამაში და ხიდის შენებაში ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი. როდესაც შეკრებაზე ხარ, დასვენების დღეებში ძალიან კარგი და საჭიროა ასეთი ტიპის გართობა". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები