Belive

SANZAAR-ი ცვლილებებს ითხოვს - ახალი ზელანდია და ავსტრალია აგუსტინ პიშოს უჭერენ მხარს

3 წლის წინ რაგბი
4 წთ
მსოფლიო რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში, ორი კანდიდატი იბრძვის. ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი - ბილ ბომონტი მეორე 4-წლიანი ვადით შეეცდება პრეზიდენტის პოსტის დაკავებას, მისი კონკურენტი კი მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტი - აგუსტინ პიშოა. კონსერვატორი ბომონტისაგან განსხვავებით, პიშოს პროგრესული ხედვები აქვს და რაგბის განვითარების მომხრეა. აგუსტინ პიშოს მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, მსოფლიო რაგბი მასშტაბურ ცვლილებებსა და განვითარებას საჭიროებს. არგენტინელმა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე ეშელონის ერებს (ტიერ-2) განვითარებისა და პროგრესის გზაზე მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაეწიოთ და ტიერ-1-ის ერებთან რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩის შესაძლებლობა მიეცეთ. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - ბრენტ იმპიმ დაადასტურა, რომ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა არჩევნებში ხმა აგუსტინ პიშოს მისცა. მიუხედავად ყველაფრისა, იმპი მიიჩნევს, რომ პიშოსა და მსოფლიო რაგბის მოქმედ პრეზიდენტ - სერ ბილ ბომონტს შორის მედგარი ბრძოლა შედგება და გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ერთმა ხმამ გადაწყვიტოს. ავსტრალიის შემდეგ, აგუსტინ პიშოს მხარდაჭერა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა გამოუცხადა, რომელსაც არჩევნებში 2 ხმა ეკუთვნის. მოსალოდნელია, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად, სამხრეთ აფრიკაც აგუსტინ პიშოს მისცემს ხმას. ბომონტის მეორე 4-წლიანი ვადით არჩევას ექვსი ერის ქვეყნები უჭერენ მხარს. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბი ევროპამ ასევე ბომონტს დაუჭირა მხარი - რაგბი ევროპის გადაწყვეტილებამ, არაერთი მიმომხილველი გააოცა. იმპის მტკიცებით, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ცვლილებების მომხრეა. სწორედ ეს გახდა პიშოსათვის ხმის მიცემის საბაბი. გასულ წელს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერებმა ბომონტის 12-გუნდიანი ერთა თასის ინიციატივა ჩააგდეს. ერთა თასის პრინციპის თანახმად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს 6-6 უძლიერესი ერი ერთა თასზე იასპარეზებდა - აღნიშნულ ინიციატივას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა და საბოლოოდ არ განხორციელდა. "უკანასკნელ წლებში შენელებული პროგრესის გამო საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას გამოვთქვავდით. მთელი რიგი კითხვები არსებობთა ერთა ლიგის ფორმატთან დაკავშირებით, რა ბედი ეწეოდათ განვითარებად ქვეყნებს და ექნებოდათ თუ არა მათ მონაწილეობის უფლება. კითხვები არსებობდა წესებთან დაკავშირებითაც. ჩვენ პატივს ვცემთ ბილ ბომონტს და ვაფასებთ მას როგორც პიროვნებას მაგრამ მის ხედვებში დავინახეთ საფრთხე SANZAAR-ის (სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა) წევრი ერებისა და ჩვენი მოთამაშეების მიმართ, რომლებიც მხარს ვუჭერთ პროგრესს და განვითარებას. ჩვენ რაგბის განვითარება გვსურს. აღნიშნულიდან გამომდინარე აგუსტინ პიშოს დავუჭირეთ მხარი. განვლილ წლებს თუ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის გადმოსახედიდან გადავავლებთ თვალს, მსოფლიო რაგბიმ იმედები არაერთ შემთხვევაში გაგვიცრუა", - აღნიშნა ბრენტ იმპიმ, რომელიც ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პარალელურად, SANZAAR-ის ხელმძღვანელიცაა. შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირს არჩევნებზე 1 ხმის უფლება აქვს. ამ წუთისათვის უცნობია თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს რაგბის კავშირი და ვის ერგება ქართული ხმა. განვლილ წლებში მსოფლიო რაგბიმ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა და ტიერ-1/ტიერ-2 ქვეყნებს შორის არსებული ზღვარის შემცირება. მეორე ეშელონის ერების, მათ შორის საქართველოსა და ფიჯის განვითარებისა და პროგრესის მხარდასაჭერად, ორგანიზაციამ პრაქტიკულად მინიმალური ძალისხმევა გაიღო - სწორედ ამიტომ გახდა ყველასათვის გასაკვირი რაგბი ევროპის პოზიცია.

სხვა სტატიები