Belive

საქართველოს ჩემპიონები ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ქართული რაგბი ევროტურნირზე მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონსაც შეხვდა. 8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერ თასის პირველ გამარჯვებულ "შავ ლომთან" ერთად, ისრაელის "თელავივ ჰითი", "ბათუმი" და რუმინული "ვულვზი" ითამაშებენ. ბათუმურმა კლუბმა და რუმინელებმა რაგბი ევროპიდან მოკვეთილი რუსული გუნდები ჩაანაცვლეს. დასავლეთ კონფერენციის მონაწილეები უცვლელია – პორტუგალიური "ლუზიტანუში", ესპანური "იბერიანსი", ნიდერლანდური  "დელტა" და ბელგიური "დევილსი". სუპერ თასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება.
„მოხარულები ვართ და ვესალმებით ‘ბათუმს’, რომელიც სუპერ თასის მეორე გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონი ძლიერი გუნდია და ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენი ტურნირის განვითარებას. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ“ – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.
საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონს ევროტურნირში ჩართვა მიულოცა:
„მეორე ქვოტა თავიდანვე მოვითხოვეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკუთარი ავტორიტეტით და პოზიციონირებით, რაგბი ევროპის ტურნირში ეს ადგილი ეკუთვნოდა. დიდი მადლობა რაგბი ევროპას, რომელმაც დაგვაფასა, როგორც მოწინავე სარაგბო ერი და ლიდერი ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ სუპერ თასში ჩართვა არაერთ ქვეყანას სურდა, არჩევანი საქართველოს ჩემპიონზე შეაჩერა. ეს ქართული რაგბის დიდი პრესტიჟია, თავად კლუბისთვის, ევროთასებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ბათუმმა" ერთხელ, 2018 წელს უკვე ითამაშა ევროტურნირებზე და კონტინენტის ფარის ნახევარფინალში გავიდა. კლუბის დირექტორი გელა ქობულაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო გამოცდილება გუნდს მომავალ ტურნირში გამოადგება:
„ორ ტურნირში მონაწილეობა შესაბამის რესურსს მოითხოვს და მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. გვქონდა წინასწარი შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან. მათი მხრიდან მაქსიმალური მზაობაა და ყველანაირად დაგვიდგებიან გვერდში, რათა ევროტურნირებზე წარმატებით ვითამაშოთ. ვმუშაობთ ტრანსფერებზე იმისათვის, რომ ‘ბათუმმა’ ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე და შევინარჩუნოთ პოზიციები შიდა ჩემპიონატში“.

სხვა სტატიები