Belive

საქართველოს ედი ჯონსი ეწვევა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
ინგლისის მთავარი მწვრთნელი, ედი ჯონსი საქართველოში ჩამოვა და ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 61 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც ქართულ რაგბთან წლებია მეგობრობს, თბილისში სამი დღე (18-20 აგვისტო) დარჩება და შეხვედრებს მაღალი მიღწევების მწვრთნელებთან გამართავს. „ედი ჯონსის ვიზიტი დიდი პატივი და ქართული რაგბის დაფასებაა. ის ივლისში, შოტლანდიასთან მატჩის წინ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს თამაში კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა. ჯონსი მაინც ჩამოდის საქართველოში და ჩვენს მწვრთნელებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებს. გარდა ამისა, ის მიიღებს ინფორმაციას, თუ რა დონეზე ვიმყოფებით და გვექნება სიღრმისეული საუბარი ქართული რაგბის მომავალ განვითარებაზე, ამ კუთხით მის ხედვაზე. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები და სამწუხაროა, რომ მას ვერ დაესწრება ლევან მაისაშვილი“ – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე. „ჯონსთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ინგლისში წლების წინ გამართული ერთობლივი წვრთნები, მისი მხრიდან ქართული რაგბის დაფასების გარდა, გარკვეულწილად სწორედ ამ მეგობრობის შედეგია. სამწუხაროდ, 17 ივლისს შოტლანდიასთან მატჩისთვის, ედის საქართველოში ვიზიტი ვერ შედგა, რადგან ეს თამაში გაუქმდა, თუმცა ჯონსმა საქართველოში ჩამოსვლა არ გააუქმა და თუ ვირუსმა კვლავ არ შეგვიშალა ხელი, ის 18 აგვისტოს ჩამოვა. ვფიქრობ, ჩვენი მაღალი მიღწევების მწვრთნელებისთვის ფასდაუდებელი იქნება ედის კონსულტაცია. სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრებს ვერ დაესწრება ლევან მაისაშვილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და ამ სახის კონსულტაციებში ჩართვის შესაძლებლობა არაერთხელ მიეცემა“ – დაამატა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ. შეგახსენებთ, ჯონსის ინიციატივით ბორჯღალოსნები ორჯერ – 2018-2019 წლებში იმყოფებოდნენ ინგლისში და ‘ვარდებთან’ ერთობლივი წვრთნები გამართეს. „მსგავსი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებსა და კლუბებში, მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ცოდნის გასაღრმავებლად, გამოცდილების გასაზიარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამით დიდ დახმარებას ვუწევთ მზარდ სარაგბო ქვეყნებს, ისეთს, როგორიც საქართველოა“ – ამბობს ჯონსი.   წყარო: RUGBY.GE

სხვა სტატიები