Belive

საქართველოს რაგბის კავშირი: "მზად ვართ განვიხილოთ სხვა სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა"

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა, მედიას ის თასები წარუდგინა, რომელთა შესანარჩუნებლად ბორჯღალოსნები უახლოესი ორი თვის განმავლობაში იბრძოლებენ.
DD6A6327-1024x742
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები 1 თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუმინეთთან მატჩით იწყებენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები ურთიერთშეხვედრაში „ანთიმოზ ივერიელის თასისთვის“ იბრძოლებენ, რომელიც ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება. აქამდე ბორჯღალოსნებმა ეს თასი 12-ჯერ შემართეს, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ. „რაგბი ევროპის ჩემპიონატს ტრადიციულ მეტოქესთან, რუმინეთთან მატჩით ვიწყებთ და ამავდროულად, გუნდები გარდამავალი ანთიმოზ ივერიელის თასისთვის იბრძოლებენ. პრინციპულ შეხვედრას ორივე გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება, მით უმეტეს, რომ ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება და ორივე გუნდი განახლებული შემადგენლობით ითამაშებს. რუმინელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. შეცვლილია ჩვენი გუნდიც, უფრო შემტევ, სწრაფ რაგბს ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საქართველო-რუმინეთი იქნება“ – განაცხადა ხარატმა. 9 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთის ნაკრებს მადრიდში შევხვდებით. ორკვირიანი შესვენების შემდეგ, 22 თებერვალს 15 საათზე, ბორჯღალოსნები ქუთაისში, „აია არენაზე“ ბელგიას მასპინძლობენ. მეოთხე რაუნდში, 7 მარტს, რაგბი ევროპაზე დაბრუნებულ პორტუგალიის ნაკრებს საფრანგეთში, პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ შევხვდებით. წლევანდელ რაგბი ევროპას 14 მარტს თბილისში, რუსეთის ნაკრებთან მატჩით ვასრულებთ. რომელ სტადიონზე გაიმართება დასკვნითი შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია, რაზეც ხარატმა განაცხადა: „პორტუგალიის რაგბის კავშირის თხოვნით, მათთან შეხვედრა პარიზში, 45-ათასიან სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება რუსეთთან შეხვედრას. კარგად გვესმის, რომ ბელორუსთან მატჩი არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ მინდვრის საფართან დაკავშირებით გაჩნდება რაიმე კითხვები და ორი კვირა არ იქნება საკმარისი რეაბილიტაციისთვის, მზად ვართ განვიხილოთ სხვა სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა. რადგან საქართველო-რუსეთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ამ შემთხვევაში ალტერნატივად „მიხეილ მესხის“ სტადიონი გამოდგება, სადაც 25 ათასი მაყურებელი ეტევა“.

საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები