შალვა მამუკაშვილი: “რთული მატჩი გველის, მაგრამ ტიტულისათვის ვიბრძოლებთ”!

რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალის წინ, რომელიც 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ლისაბონში გაიმართება – რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, “შავი ლომის” ჰუკერის შალვა მამუკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

31 წლის შალვა მამუკაშვილმა, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კლუბების ღირსება დაიცვა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით უამრავ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალის წინ, რომელიც ლისაბონში გაიმართება “შავი ლომის” ჰუკერი აღფრთოვანებას ვერ მალავს.

შალვა მამუკაშვილი ქართული ფრენჩაიზის – “შავი ლომის” განაცხადშია, რომელიც რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, პორტუგალიურ “ლუზიტანუშს” დაუპირისპირდება.

“შავმა ლომმა” ქვეჯგუფში გამართული 5 მატჩიდან, 4 გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის ნახევარფინალში ესპანურ “იბერიანსს” დაუპირისპირდა. სანახაობრივი მატჩი ქართველების გამარჯვებით, 43:40 დასრულდა. ახლა, როდესაც ყველა გზა ლისაბონში მიდის, მამუკაშვილი აღნიშნავს: “რთული მატჩი გველის, მაგრამ ტიტულისათვის ვიბრძოლებთ”.

შალვა მამუკაშვილი: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის სადებიუტო სეზონში, 1 წლის დაარსებულ “შავ ლომს” პირველივე წელს ტიტულის მოპოვების შანსი მიეცა”.

“პირველი საშინაო მატჩი, რომელშიც დამაჯერებლად გავიმარჯვეთ (გასული წლის ოქტომბერში, “თელ-ავივ ჰიტსის” დამარცხება) ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა”.

“საქართველოში, ამ ტურნირისადმი ფანების დაინტერესება სისტემატურად იზრდება. “შავი ლომისა” და ეროვნული ნაკრების ძალისხმევით, წელს, ჩვენმა ქვეყანამ უფრო მეტ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლა (“შავი ლომი” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები) – ვიდრე ოდესმე”.

“რაგბი ევროპის სუპერთასმა და ჩვენს შემთხვევაში “შავმა ლომმა” ადგილობრივი კლუბების მორაგბეებს საკუთარი თავის უფრო მაღალ დონეზე წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. მოთამაშეებს შესაძლებლობა მიეცათ, თავი დაემკვიდრებინათ პროფესიონალურ ფრენჩაიზში, რომელში მოხვედრაც უამრავი მორაგბისათვის დამატებითი მოტივაციაა”.

“მეტი საერთაშორისო მატჩი (სხვა ქვეყნების ფრენჩაიზების წინააღმდეგ) იძლევა შესაძლებლობას წლის განმავლობაში უფრო მეტი გამოცდილება დააგროვო და ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარება – სუპერ თასი მათთვის ეს შესაძლებლობაა”.

“მომავალში, მონაწილე ქვეყნებმა შესაძლოა კლუბების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდონ, რაც ტურნირის განვითარებასა და გაზრდას ხელს შეუწყობს”.

როგორ დასრულდა თბილისში, “იბერიანსის” წინააღმდეგ გამართული ნახევარფინალური მატჩი?

დაპირისპირების პირველ მეოთხედში, მასპინძლები 14:3 დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, “იბერიანსი” ბრძოლაში ჩაერთო და ანგარიში 21:20 გახდა. გაწითლებულ დროში, შალვა მამუკაშვილმა “იბერიანსს” ლელო დაუდო და ტაბლოზე 26:21 დააფიქსირა.

მე-60 წუთისათვის, “შავი ლომი” მოწინააღმდეგეს 38:30 ამარცხებდა და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ მასპინძლებს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებდათ, მაგრამ “იბერიანსი” კვლავ ბრძოლაში ჩაება. უკანასკნელ ათ წუთში, ქულათა სხვაობა ათ ქულას შეადგენდა (43:33) გაწითლებულ დროში, “იბერიანსმა” მხოლოდ გარდასახული ლელოს მითვლა მოახერხა და მატჩი “შავი ლომის” გამარჯვებით, 43:40 დასრულდა.

“ნახევარფინალურ შეხვედრაში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ საბოლოო მიზანი, რომელსაც ფინალში გასვლა წარმოადგენდა, მიღწეულია”.

“კარგია, რომ ეს შეცდომები ნახევარფინალურ შეხვედრაში დავუშვით – ახლა შესაძლებლობა გვაქვს, შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ და დავრწმუნდეთ, რომ ფინალში ჩვენს საუკეთესო პერფორმანსს ვაჩვენებთ”. 

“ლუზიტანუში საკმაოდ ძლიერი გუნდია, სწრაფი და ტექნიკური. მათ ქვეჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს და პორტუგალიელების წინააღმდეგ უამრავ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვიცი რამდენად გულმოდგინეები არიან და ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩი იქნება”.

შალვა მამუკაშვილი: “რთული მატჩი გველის, მაგრამ ტიტულისათვის ვიბრძოლებთ”!

სტატიის ავტორი
-