Belive

შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" პირველი გასვლითი მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ემზადება. გუნდი პენზაში (რუსეთი) ხვალ დილით მიფრინავს და "ლოკომოტივს" 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება. მეტოქემ სექტემბერში "ენისეისთან" ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. "შავმა ლომმა" პირველი ტურის გადადებულ მატჩში "თელავივი ჰითს" 16 ოქტომბერს, "ავჭალაზე" უმასპინძლა და ბონუსით, 33:10 დაამარცხა. შედეგად, ის 5 ქულით მეორე ადგილზეა, "ენისეის" ქულათა მაქსიმუმი აქვს, "ჰითი" და "ლოკომოტივი" კი უქულოდ არიან.
1111
მომდევნო თამაშს გამოტოვებს და დიდი დრო გაუცდება სოსო მათიაშვილს, რომელმაც მუხლის ტრავმა "ჰითთან" მატჩისას მიიღო და საოპერაციოა. მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის თქმით, იყო სხვა მცირე ტრავმებიც: "გვქონდა მცირე ტრავმები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჭირდებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშეს ფაიზერის ბუსტერით აცრა უწევდა, რადგან საფრანგეთში სხვა მხრივ არ შეუშვებენ. შედეგად, რამდენიმე დღე მათაც ვერ ივარჯიშეს და სრული შემადგენლობა დღეს შევიკრიბეთ. მიუხედავად ამისა, ნორმალურად ვართ მომზადებული და ვიტოვებთ იმედს, რომ პირველი თამაშის შემდეგ ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ, დავხვეწოთ დეტალები და მოთამაშეებს საერთაშორისო გამოცდილება მივცეთ". "სამწუხაროდ დიდი ხნით გამოგვაკლდა სოსო მათიაშვილი. მან ჯვარედინი დაიზიანა და საოპერაციოა. ჯერ არ დაბრუნებულან მანამდე ტრავმირებული მოთამაშეები. მათგან ერთ ან ორ მორაგბეს ‘ენისეისთან’ მატჩის წინ ველით".
მომავალი მეტოქის შესახებ მაისაშვილმა განაცხადა: "თელავივის გუნდი ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა "ლოკომოტივს" ის უპირატესობა აქვს, რომ შეთამაშებული გუნდია. მათ მაღალი, ჯანიანი ბიჭები ყავთ და სოლიდურად გამოიყურებიან დერეფანში, შეჯახებებში. "ლოკომოტივში" რამდენიმე ქართველი თამაშობს, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კარგად გამოიყურებიან". "შავი ლომი" "პენზასთან" მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, "ენისეისთან" გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მანამდე, 23 ოქტომბერს, ‘"ნისეი" "თელავივ ჰითს" მოსკოვში მასპინძლობს. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები