Belive

სკოლებში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან იწყება

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლაში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან ჩატარდება.

60 ინსტრუქტორი და 300 გადამზადებული მასწავლებელი გაკვეთილებს ჯამში 15 000 გოგონასა და ბიჭს ჩაუტარებს. უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო ვარჯიშები მსოფლიო რაგბის პროექტის – „ჩაერთე რაგბიში“-ს მიხედვით ჩატარდება. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი „ლელო არენაზე“ სექტემბრის ბოლოს გაფორმდა და მას მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი სერ ბილ ბომონტიც ესწრებოდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინსტრუქტორების და სკოლის მასწავლებლების გადამზადება. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმის და სამცხე-ჯავახეთის სპეციალისტები ასპინძის სარაგბო ბაზაზე და „აია არენაზე“ გადამზადდნენ, სამეგრელო, გურიისა და აჭარის  წარმომადგენლები ფოთში, „პარკი არენაზე“. 22-23 ოქტომბერს სწავლებები თბილისში, ფოთსა და ქუთაისში, 29-30 ოქტომბერს კი თელავში, გორში და ასპინძაში ჩატარდება. რაგბის ზარი 150 სკოლაში 1 ნოემბერს დაირეკება.

„სკოლებში სპორტის გაკვეთილებზე თაგ-რაგბის უსაფრთხო, აქტიური, სახალისო, მიზანმიმართული და წარმატებული ვარჯიში-თამაშები 1 ნოემბრიდან დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს სრულდება გადამზადების ეტაპი და ყველა მოუთმენლად ველით აქტიური პროცესის დაწყებას“ – ამბობს სასკოლო რაგბის პროგრამა „ჩაერთე რაგბიში“ რეგიონალური მენეჯერი ზუკა შენგელია.

პროექტის მიზნებია: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სპორტში გოგონებისა და ბიჭების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა; სკოლებში უკონტაქტო რაგბის დანერგვა; ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმება; ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მორაგბეების აღზრდა.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები