Belive

სუპერ თასი | გამარჯვება რუსეთის ჩემპიონთან!

2 წლის წინ რაგბი
7 წთ
"შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" 27:20 დაამარცხა და ოთხი თამაშის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში მოექცა. ჩვენს გუნდს 15 ქულა აქვს და ორით უსწრებს "თელავივ ჰითს", ხოლო სამით "ენისეის" და სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. 15 დეკემბერს "ჰითი" კრასნოიარსკელებს თბილისში, "ავჭალაზე" მასპინძლობს, 18 დეკემბერს კი ებრაელებს სტუმრად "შავი ლომი" ერკინება, რის შემდეგაც ნახევარფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა შესაძლოა ვადაზე ადრე გაირკვეს. შეგახსენებთ, ქართული ფრენჩაიზი "ენისეის" სოჭში 30 ოქტომბერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს თამაში გადაიდო და მისი ჩატარების ვადები ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურის თამაშს, "შავი ლომი" პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და 12 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში სტატიკურ ფაზებში შეცდომები დაუშვა, ზედიზედ 5 დერეფანი დათმო და მეტოქემ სხვაობის შემცირების შანსი მიიღო.
222
ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. ისინი დომინირებდნენ რაქებში, თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზი გადაკვეთას და მე-10 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინ 22 მეტრიდან ანგარიში გახსნა. გავიდა რამდენიმე წუთი და მეტოქის 22-ში მოგებულ დერეფანს ბურთის ხაზზე გასვლა მოყვა, "შავი ლომის" უკანახაზელებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და სანდრო თოდუამ ლელო გაიტანა, მაგრამ ამ ეპიზოდში დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. "ენისეი" ჩვენს 22-ში შემოსვლას ვერ ახერხებდა და როცა დასარტყმელ პოზიციებზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, 27-ე და 35-ე წუთებზე რამილ გაისინმა საკუთარ გუნდს 6 ქულა შესძინა. მის ჯარიმებს შორის ერთი ზუსტი დარტყმა ბაბუნაშვილმაც შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი მეორე ლელოც გავიდა. ხელდახელ შეტევის შემდეგ ფრთაზე ლუკა ივანიშვილმა კარგად იარა, მას ნიკა ხატიაშვილი წამოეშველა და სტუმრები დაჯარიმდნენ. მოლს ჯერ ულდის საულიტეს სინბინი, მერე კი შალვა მამუკაშვილის ლელო მოყვა და "შავი ლომი" შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდა – 18:6.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა შემოგვიტიეს, თავი დავიცავით და მოედანზე გაწევ-გამოწევა გაიმართა, რასაც ნოდარ ჭეიშვილის სინბინი მოყვა. მომდევნო ჯერზე თავი უკვე სუფთად დავიცავით და აკა ტაბუცაძემ ფეხით თამაში მეტოქის 22-ში გადაიტანა, რასაც ჯარიმა და ბაბუნაშვილის მორიგი 3 ქულა მოყვა. 49-ე წუთზე შერკინება ვერ მოეწყო და ნიკა ხატიაშვილთან ერთად, 10 წუთით დასვენება ნიკო უსტჰეიზენსაც მოუწია, თუმცა კაცნაკლულებმა კვლავ იქით შევუტიეთ, დასარტყმელ პოზიციაზე ჯარიმა გამოვიმუშავეთ და ბაბუნაშვილმა უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. ამას შეცვლები და შეცდომები მოყვა. 56-ე წუთზე მამუკაშვილმა მოლის შემდეგ გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა, მაგრამ ერთ წუთში ფრიდლე ულიფემ მაინც შეძლო ლელოს გატანა და გაისინმა გარდასახა. საპასუხო ლელო ალბათ მალე გავიდოდა, მაგრამ მეტოქის 5-მეტრიანსა და 22-ში ზედიზედ ოთხი ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რის შემდეგაც ბაბუნაშვილმა ჯარიმა უკვე კარში დაარტყა. 74-ე წუთზე ჩვენი დერეფანი ჩვენს 22-შიც დავთმეთ, კონტრშეტევას და ფეხით გადაკიდებას კი, ფრთაზე დავით მესხის ლელო და რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" 27:20 დაამარცხა.
პრესკონფერენცია
ნამატჩევს შედეგით უკმაყოფილო იყო "ენისეის" მთავარი მწვრთნელი ალეკსანდრ პერვუხინი: "ჩვენ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული, მაგრამ ასე არ მოხდა. ცხადია, შედეგით უკმაყოფილო ვართ. რაც შეეხება ბონუს-ქულას, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს ამის შედეგი იყო. ჯამში მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა. ქართული რაგბი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მაგრამ ვიმეორებ, რომ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული. "შავი ლომი" კარგად თამაშობდა რაქში, აგრესიულად და კონცენტრირებულად, რითაც გვაიძულა შეცდომები დაგვეშვა, თუმცა, ბევრი შეცდომა ჩვენითაც დავუშვით. შეტევაში რამდენიმე დასანანი ბურთი დავკარგეთ".
მარცხს შეცდომებს აბრალებს "ენისეის" კაპიტანი დმიტრი გერასიმოვი: "მატჩის დასაწყისში ბევრი ქულები გავუშვით. ვგრძნობდით, რომ შეხვედრის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით". "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდი შენების პროცესშია და პერიოდულად ჩავარდნები იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ გუნდის მიზანი ტურნირის მოგებასთან ერთად ნაკრებისთვის კანდიდატების მომზადებაა: "განვლილი მატჩის შემდეგ ანალიზი გავაკეთეთ, მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ეს პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში კარგად გამოჩნდა. მეტოქეს ყველა ასპექტში ვჯობდით, თუმცა დასკვნით წუთებში ცუდად ვითამაშეთ სტატიკურ ფაზებში და წავაგეთ ძალიან ბევრი დერეფანი". "ეს გუნდი შექმნილია იმისთვის, რომ ბევრ გამოუცდელ მორაგბეს მივცეთ შანსი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგებად არ გავდივართ მოედანზე. ეს იქნება გაკვეთილი იმ მორაგბეებისთვის, ვისაც მსგავს წნეხში აქამდე არ უთამაშია. მათ ნახეს, რომ მეტია გასაკეთებელი და მეტი შრომაა საჭირო. ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა".
"გვაკლია სტაბილურობა, თანმიმდევრულობა, გადაწყვეტილებების სწორად მიღება, თუმცა, გუნდის შენებას დრო ჭირდება. ჩვენი მიზანია გვყავდეს მეტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბე და შენების პროცესში ჩავარდნებიც იქნება. ნოემბერში მოთამაშეები 4 კვირის განმავლობაში გაშვებული გვყავდა და ამანაც იმოქმედა თამაშის ხარისხზე. ჩვენ ვხედავთ პრობლემას და მასზე გამუდმებით ვმუშაობთ. მიუხედავად ყველაფრისა დღეს გავიმარჯვეთ და 4 ქულა ავიღეთ. მომდევნო თამაში ისრაელში, "თელავივ ჰითთან" გვაქვს და თუ დაგეგმილი ოთხი ქულა იქაც ავიღეთ, ჩავთვლი, რომ პირველი ეტაპი დამაკმაყოფილებლად გავიარეთ". "შავი ლომის" კაპიტანი მერაბ შარიქაძე დარწმუნებულია, რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, სხვაობა ბევრად დიდი იქნებოდა: "ვთვლი, რომ მოედანზე ყველა გადწყვეტილება პრაგმატულად მივიღეთ. თამაში კარგად მიგვყავდა და რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, დარწმუნებული ვარ ამ თამაშს უფრო დიდი სხვაობით და ბონუსით მოვიგებდით". ფოტო: გოგიტა ბუხაიძე წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები