Belive

სუპერ თასი | შავი ლომი დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
"შავი ლომი" გუშინ საღამოს "შევარდენის ბაზაზე" შეკრებაზე შევიდა და რაგბი ევროპის სუპერ თასის დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა. ქართულ ფრენჩაიზს თამაშების გაწერილი გეგმა კოვიდ-პანდემიამ აურია და ახლადდაარსებულ ტურნირში ყველაზე ცოტა, ორი თამაში აქვს ჩატარებული. "შავმა ლომმა" ოქტომბერში ჯერ თბილისში, ისრაელის "თელავივ ჰითს" პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში სძლია 33:10, მერე მესამე ტურის მატჩში "ლოკომოტივი" პენზაში დაამარცხა – 27:11. გუნდმა ორივე შემთხვევაში მოახერხა ბონუსის აღება, ქულათა მაქსიმუმით (2 თამაშიდან 10) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ "ენისეის" ჩამორჩება, რომელსაც ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და 11 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ფრენჩაიზს "ენისეისთან" 30 ოქტომბერს უნდა ეთამაშა, მაგრამ რუსეთში კოვიდ-სიტუაციის დამძიმების გამო, ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა და გუნდი სოჭში ვერ გაფრინდა. ეს შეხვედრა სავარაუდოდ 2022 წელს, ფლეი ოფების წინ გაიმართება. რაც შეეხება მომავალ თამაშებს, "შავი ლომი" 4 დეკემბერს, "ავჭალაზე" რუსეთის ვიცე-ჩემპიონ "ლოკომოტივ-პენზას" მასპინძლობს, რომელმაც აქამდე ოთხივე შეხვედრა დათმო და მცირედი სხვაობით მარცხისთვის 1 ნუგეშის-ქულა "თელავივ-ჰითთან" აიღო. ეს არის მე-5 ტურის შეხვედრა და 5 დეკემბერს "თელავივ ჰითი" "ენისეის" უმასპინძლებს. ისრაელის კლუბისთვის ეს პირველი საშინაო შეხვედრა იქნება. 11 დეკემბერს "ავჭალაზე", 17 საათზე "ენისეის" დავუხვდებით და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული ის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამავე დღეს "თელავივი" "ლოკომოტივს" მასპინძლობს. 18 დეკემბერს მეორე ტურის გადადებული მატჩია და "შავი ლომი" ფეთაჰ-თიქვაში "თელავივ ჰითს" შეხვდება. შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ორ-ორი მოწინავე ერთრაუნდიან ნახევარფინალში გადის, სადაც პირველადგილოსნები მასპინძლები იქნებიან. დასავლეთ კონფერენციაში 4 სრული ტური ჩატარდა და 19 ქულით პორტუგალიური "ლუსიტანოსი" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 11 ქულით ესპანური "იბერიანზია". "ლოკომოტივი-პენზასთან" თამაშის წინ, "შავი ლომი" ხვალ, 16 საათზე "შევარდენზე" ღია ვარჯიშს გამართავს.
"შავი ლომი" შეკრებაზე
პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური; მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი; მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია; 9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა; 12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი; 11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე; 15: ლაშა ხმალაძე.  
რაგბი ევროპის სუპერ თასი 2021-22
აღმოსავლეთ კონფერენცია. V ტური 4 დეკემბერი "შავი ლომი" (საქართველო) – "ლოკომოტივ-პენზა" (რუსეთი) 5 დეკემბერი "თელავივ ჰითი" (ისრაელი) – "ენისეი სტმ" (რუსეთი) წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები