სუპერ თასი | შავი ლომი ფინალშია

“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანური “იბერიანსი” 43:40 დაამარცხა და 8 მაისს ლისაბონში, პორტუგალიურ “ლუზიტანუშთან” მთავარ პრიზს გაითამაშებს.

ჩვენი გუნდი ხელდახელ, კომბინაციურ სტილში ცდილობდა ქულების მოპოვებას და რამდენიმე ლამაზი ლელოც გაიტანა, თუმცა მეტოქე კერკეტი კაკალი გამოდგა, ბოლომდე იბრძოლა და რამდენჯერმე შეძლო თამაშში დაბრუნება. ქართული ფრენჩაიზის გეგმები ტრავმებმა არია, მაგრამ “შავმა ლომმა” შეძლო მობილიზება და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

თამაში “იბერიანსმა” აქტიურად დაიწყო, ჯერ ფორვარდებით შემოგვიტია, მერე ხელდახელ, მაგრამ თავი კარგად დავიცავით. საპასუხოდ, “ლომებმაც“ გაშალეს ხაზზე ბურთი და ლელოც გავიდა, თუმცა მანამდე გვერდითმა მსაჯმა აუტი დააფიქსირა. შემდეგ გააზრებულ შეტევას უკვე ლელო მოყვა, თენგიზ პერანიძემ სივრცე შენიშნა და შეუტია, შემდეგ ფაზაში ნიკო აფციაურმა ხაზი გაგლიჯა და მიზანს უწია, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. განახლდა თუ არა თამაში აფციაურმა კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი, მერაბ შარიქაძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და 22-ში ღრმად შევიდა, მაგრამ შემდეგმა პასმა არ ივარგა და მეტოქე 100%-იან ლელოს გადარჩა.

სუპერ თასი | შავი ლომი ფინალშია 1

მეტოქემ ჯარიმით გვიპასუხა, მე-20 წუთზე კი ხაზის კარგი კომბინაციით მეორე ლელო გავიდა. ხმალაძემ სიჩქარეაკრეფილ შარიქაძეს ბურთი საჭირო დროს გაატანა და კაპიტანმა 35-მეტრიანი აჩქარება ლელოთი დაასრულა. ბაბუნაშვილმა გარდასახა – 14:3. ამას ერთგვარი ჩავარდნა და მეტოქის 17 ქულა მოყვა. პერანიძის კარგი ბოჭვის მიუხედავად, პირველი ლელო მალე მივიღეთ. “იბერიანსმა” გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, 30-ე წუთზე კი არაზუსტი პასის შემდეგ კონტრშეტევა წამოიწყო, ლელოს გარდასახვა მოყვა და მეტოქე 6 ქულით დაწინაურდა.

თამაში განახლა თუ არა ‘შავმა ლომმა’ ინიციატივა დაიბრუნა. პირველი ბურთის აღების შემდეგ, ხმალაძე ცენტრიდან დაიძრა, ხაზი ორჯერ გაჭრა და ინდივიდუალური გარღვევა ძელებსშუა ლელოთი დაასრულა. მალე შალვა მამუკაშვილმა ჭრაზე დემე თაფლაძე შეუშვა, მაგრამ გაგრძელებამ ვერ ივარგა. ტაიმის ბოლოს ქართველებმა მოლით რამდენჯერმე შეუტიეს და ჯერ კალოკალო გავიდი დაისაჯა სინბინით, მერე მამუკაშვილმა ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილი პირველი გარდასახვიდან ზუსტი იყო – 26:20.

მეორე ტაიმის დასაწყისში კაცნაკლულმა “იბერიანსმა” ჩვენი შეცდომით ისარგებლა, სახიფათოდ შემოგვიტია, თავი ჯარიმის ხარჯზე დავიცავით და მეტოქემ ახლოდან 3 ქულა აიღო. 49-ე წუთზე ესპანელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი ააგორეს და ლელოთი დაწინაურდნენ. რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო. 54-ე წუთზე ლუკა ივანიშვილი დაშავდა და რადგან თორნიკე აქუბარდია უკვე შეცვლაზე შესული იყო, მისი პოზიცია კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ დაიკავა. მიუხედავად ამისა, 58-ე წუთზე “ლომმა” კარგი მოლი ააგორა, საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და კიდევ ერთხელ დაიბრუნა – 33:30.

სუპერ თასი | შავი ლომი ფინალშია 2

მასპინძლებმა ძალაში უპირატესობა იგრძნეს, მე-60-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან კიდევ ერთი მოლი ააგორეს და მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მამუკაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. სემ კათსმა 65-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა შემდეგ ეპიზოდში უკეთესი პოზიციიდან ზუსტი იყო და დასკვნით ფაზაში სიტუაცია დაიძაბა. 75-ე წუთზე მეტოქეს ჩვენი 22-ის ხაზთან რაქიდან ამოვაცალეთ ბურთი, ის სწრაფად ჩათამაშდა ფრთაზე, ხმალაძე გაიქცა და ფეხით გადაკიდა, ალექსანდრე თოდუამ ის მეტოქის 22-ში აიღო, შეტევა ხმალაძემ გააგრძელა და ერთი პასით ლელო ლაშა ლომიძეს გაატანინა – 43:33.

“იბერიანსმა” ბოლო შეტევისას შეძლო კიდევ ერთი ლელოს გატანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მთლიანობაში ამან არაფერი შეცვალა და რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, “შავი ლომი” პორტუგალიაში ადგილობრივ “ლუზიტანუშს” შეხვდება.

სუპერ თასი | შავი ლომი ფინალშია 3

პრესკონფერენცია

მიგელ ველასკო: “ესპანურმა რაგბმა უკვე გადაასწრო რუმინეთს, რუსეთს და ახლა ჩვენი მიზანია გავუთანაბრდეთ საქართველოს. აქედან გამომდინარე, ეს იყო შესაძლებლობა, გვეთამაშა საქართველოს სანაკრებო მოთამაშეების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ”.

“ლუზიტანუში საკმაოდ კარგი გუნდია. ძლიერია კონტრშეტევისას, უყვარს ბურთის ფრთაზე გადატანა, ნებისმიერი წერტილიდან იწყებს შეტევას, თუმცა “შავი ლომის” თამაშიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ფინალში ფავორიტი სწორედ ქართული ფრენჩაიზი იქნება“.

კალოკალო გავიდა: “ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ხასიათი გამოვავლინეთ. იყო მომენტები, როდესაც თითქოს თამაშში გარდატეხის შეტანა შევძელით, მაგრამ მეტოქე გუნდის დონემ ჩვენი შესაძლებლობის ბოლომდე გამოყენების შანსი არ მოგვცა”.

ლევან მაისაშვილი: “მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში დღეს ითამაშა ძალიან კარგად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს და რიგ ეპიზოდებში პრობლემები შეგვიქმნეს. სპეციფიკიდან გამომდინარე, ნახევარფინალი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა და ის ეპიზოდები რომ გამოგვეყენებინა, სხვა სურათი გვექნებოდა. მეორე ტაიმშიც დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია და რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ”.

“არის თამაშები, სადაც 7 მიღებული ქულაც ბევრია. 40 იქნებოდა ბევრი, მეტოქეზე ნაკლები რომ გაგვეტანა. რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ვითამაშებთ, მით უკეთესი. ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა, როგორიც ახლა იქნება”.

მერაბ შარიქაძე: ‘დღეს როგორც ამ გუნდმა ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, ისე მაგრად არავის უთამაშია. შეიძლება აღმოსავლეთ კონფერენციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ‘იბერიანსი’ დაამარცხოს, მაგრამ დღეს ესპანელებს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდათ. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამ შეცდომებს გამოყენება უნდა და ეს მათ შეძლეს. მოუმზადებლები არ ვიყავით, მაგრამ მათი თამაში ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა”.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალები
17 აპრილი. თბილისი. “ავჭალა”.
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 43:40 (26:20)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

7 ლელო: აფციაური, შარიქაძე, ხმალაძე, მამუკაშვილი (2), საჯარიმო, ლომიძე

3 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სუპერ თასი | შავი ლომი ფინალშია

სტატიის ავტორი
-