Belive

სუპერ თასი | შავი ლომის თამაში კვლავ კოვიდმა გადადო

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში "ენისეი-სტმსა" და "შავ ლომს" შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ Covid 19-ია… რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ‘შავი ლომი’ სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა საორგანიზაციო მხარე ვერ მოაგვარეს. შესაბამისად, რაგბი ევროპამ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ჩატარების ვადები მოგვიანებით დაზუსტდება. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ‘ენისეისთან’ მატჩის გადადების დეტალებს გვიყვება: "სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა და დილით ჩანიშნული ჩარტერული რეისი ვერ შედგა. საქმეში ჩავრთეთ რაგბი ევროპა, რუსეთის რაგბის კავშირი და დღის ბოლოს ჩარტერული რეისის განხორციელების შესაძლებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეთა კეთილდღეობიდან გამომდინარე თამაშის კვირისთვის გადადება მოვითხოვეთ, რაზეც "ენისეი" სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ დაგვთანხმდა. რაგბი ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა". "შავ ლომს" ტურნირზე ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ქულათა მაქსიმუმით (10) მეორე ადგილზეა. ის მომდევნო თამაშს 4 დეკემბერს გამართავს და "ლოკომოტივ-პენზას" დაუხვდება. მანამდე გუნდის ბირთვს სანაკრებო შეკრება და შემოდგომის ტესტ-მატჩები ელის: "გუნდმა უკვე მოასწრო ორი თამაშის გამართვა და აგრძელებს ვარჯიშს. კარგი იყო "ენისეისთან" თამაში არ გადადებულიყო, რადგან მოთამაშეებს მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდათ, მაგრამ ისიც კარგია, რომ ტურნეს სრულად უთამაშებლები არ ხვდებიან" – დაამატა ხურციძემ. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები