Belive

ტაიფუნმა ჰაგიბისმა რაგბის მსოფლიო თასს დაღი დაასვა

4 წლის წინ რაგბი
3 წთ

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასი ისტორიაში შევიდა - სამწუხაროდ, ამის მიზეზი ტაიფუნი ჰაგიბისი გახდა. უკანასკნელი 60 წლის მანძილზე იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი (ჰაგიბისი) მძვინვარებს, რომლის სიჩქარე 160 კმ/სთ-ია. ტაიფუნის საშიშროებიდან გამომდინარე, 12 ოქტომბერს ჩანიშნული C-ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდა გაუქმდა. 6 ერის წარმომადგენელი ორი ნაკრები C-ჯგუფის პირველი ადგილისათვის უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს და მათ რკენას სრულიად სარაგბო სამყარო მოუთმენლად ელოდა - თუმცა მათ უშედეგო ფრე და 2-2 ქულა დაეწერათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისი C-ჯგუფის პირველადგილოსნის სტატუსით განაგრძობს პლეი-ოფში ასპარეზობას. არანაკლებ ინტერესს იწვევდა ახალი ზელანდიისა და იტალიის დაპირისპირება, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და რომელიც ასევე ტაიფუნის საშიშროების გამო გაუქმდა - ამ შემთხვევაშიც ოლ ბლექსსა და აძურებს აქტივში უშედეგო ფრე და 2-2 ქულა ჩაეწერათ. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველადგილოსნის სტატუსით განაგრძობს პლეი-ოფში ასპარეზობას, იტალია კი მე-3 ადგილს დასჯერდა. გაუქმებულ მატჩებთან დაკავშირებით, რაგბის მსოფლიო თასის გენერალურმა მენეჯერმა ალან გილპინმა განაცხადა: "აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ნაკრებების, გულშემატკივრებისა და ტურნირის წარმატებით ჩატარებაში მონაწილე მოხალისეების უსაფრთხოება."

ტაიფუნმა ჰაგიბისმა შესაძლოა საკმაოდ დიდი მღელვარება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. ამ წუთისათვის კვლავ ჩანიშნულია იაპონია შოტლანდიის უპრინციპულესი დაპირისპირება, რომელიც 13 ოქტომბერს იოკოჰამაში უნდა გაიმართოს - თუმცა არსებობს საშიშროება, რომ აღნიშნული მატჩიც გაუქმდეს. A-ჯგუფში პირველ ადგილს იაპონია იკავებს (14) მეორე ადგილზე მყოფი ირლანდია (11) სამოას უპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილზე მყოფი შოტლანდიის (10) ბედი სწორედ რომ იაპონიასთან გასამართ მატჩზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ სკოტები საკურების ბონუს ქულით დამარცხებას შეძლებენ რაგბის მსოფლიო თასის პლეი-ოფში შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას - ტაიფუნის გამო მატჩის გაუქმების შემთხვევაში კი იაპონიასა და შოტლანდიას 2-2 ქულა დაეწერებათ და სკოტებს მაყურებლის რანგში მოუწევთ ტურნირისათვის თვალის დევნება.

სხვა სტატიები