Belive

The Guardian | საქართველო საუკეთესოთა შორის და იტალიაზე წინ

2 წლის წინ რაგბი
6 წთ
"შემოდგომის ერთა სერიის" ეგიდით გამართული ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ევროპის უძლიერეს ერებს შორის, ბრიტანელები საქართველოს ასახელებენ და იტალია ჩამონათვალში ვერ მოხვდა. 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 41:15 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება, შესაძლოა ანგარიშში სხვაობა გაცილებით უფრო ნაკლები ყოფილიყო. ქართველი მორაგბეები ბორდოში დამარცხდნენ, თუმცა მეტოქე არაერთ კომპონენტში დაჯაბნეს, ორი ლელო დაუდეს და მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. ბორდოში გამართული მატჩიდან 1 კვირის შემდეგ, “ლე ბლე” ძლევამოსილ “ოლ ბლექსს” დაუპირისპირდა. “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ზელანდია 40:25 დაამარცხა. 20 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” დაუპირისპირდნენ. 2021 წლის ნოემბრის ტესტების უკანასკნელი შეხვედრა, ფრედ 15:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა ფიჯელებმა გარდასახული ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. “შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, “ბორჯღალოსნებმა” დადებითი შეფასება დაიმსახურეს. არაერთმა მიმომხილველმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პერფორმანსი მაღალ დონეზე შეაფასა. 2021 წლის "შემოდგომის ერთა სერია" დრამატული და პრინციპული მატჩებით დატვირთული გამოდგა. The Guardian ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერების წარმატებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ სამხრეთელები პირწმინდად დამარცხდნენ. ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს და საუკეთესოთა შორის საქართველოს ხილვა ნამდვილად სასიხარულოა.
Untitled
საუკეთესო მატჩი - 21 ნოემბერს, პარიზში საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. პარიზში გამართული მატჩი "ლე ბლეს" გამარჯვებით, ანგარიშით 40:25 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ ფრანგებმა პირველად შეძლეს სახელოვანი "ოლ ბლექსის" დამარცხება. საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება იმ მხრივაც აღმოჩნდა საინტერესო, რომ ზელანდიელებმა 2016 წელს, ჩიკაგოში, ირლანდიის წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ პირველად გაუშვეს 40 და მეტი ქულა. საფრანგეთსა და ახალ ზელანდიას შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმი 24:6 დასრულდა. საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, "ოლ ბლექსი" პირველ ტაიმში ქულათა ასეთი სოლიდური რაოდენობით არასდროს დამარცხებულა. საუკეთესო მორაგბე - ანტუან დუპონი (საფრანგეთი) "ლე ბლეს" წარმატებაში ლომის წვლილი დუპონს მიუძღვის, რომელიც მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის იბრძვის. საუკეთესო ინდივიდუალური თამაში - ქელან დორისი (ირლანდია - ახალი ზელანდია) ირლანდიელმა უკანახაზელმა დუბლინში, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ გაიბრწყინა. "ვივაზე" გამართულ თრილერში, დორისი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, რომელმაც ზელანდიის დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საუკეთესო ლელო - ვაისეა ნაიაკალევუ (ფიჯი) ბრიტანული გამოცემის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ "შემოდგომის ერთა სერიის" საუკეთესო ლელო ფიჯელ ნაიაკალევუს ეკუთვნის, რომელმაც უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დაალელოვა.
საუკეთესო ახალწვეული - მარკუს სმიტი (ინგლისი) განახლებული ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად ახალგაზრდა მარკუს სმიტი მოგვევლინა, რომელმაც "შემოდგომის ერთა სერიის" ეგიდით გამართულ მატჩებში, ბრწყინვალე პერფორმანსით დაგვამახსოვრა თავი. საუკეთესო მწვრთნელი - ენდი ფარელი (ირლანდია) ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "შემოდგომის ერთა სერია" ფანტასტიკურად დაასრულა. სამყურებმა სახელოვანი "ოლ ბლექსის" პარალელურად, იაპონია და არგენტინა დაამარცხეს. "სამყურების" წარმატებაში ლომის წვლილი ინგლისელმა სპეციალსიტმა დაიდო. საუკეთესო მსაჯი - უეინ ბარნსი (ინგლისი) ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, რომელმაც ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ბრწყინვალე სამსაჯო მასტერკლასი დადგა. ყველაზე ემოციური მომენტი - 28 წლის ოლი ჰოსკინსს პირველად მიეცა შესაძლებლობა ტესტ-მატჩებში ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღირსება დაეცვა. სიამაყის ცრემლებით ავსებული ავსტრალიელი ბურჯის ეკრანებზე ხილვა, გულშემატკივრისათვის საკმაოდ ემოციური გამოდგა. საუკეთესო ციტატები - "ჩვენი ფორვარდები სუსტები არ არიან და ამას შაბათს დავამტკიცებთ", - ედი ჯონსი სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ. "არ მოგატყუებთ, ეს ძალიან მტკივნეულია", - დენ კოულსი საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ. "ბატონი ერასმუსის ქმედებების შემდეგ, მე და ჩემი ოჯახი საკმაოდ დიდ დისკომფორტს განვიცდით. ჩვენთვის ეს ყველაფერი ნეგატიურ მოგონებად დარჩება", - ავსტრალიელი არბიტრი ნიკ ბერი. "ვფიქრობ მატჩის ოფიციალური პირების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება კოშმარულია. კვირის ბოლოს ბოდიშს მოგვიხდიან, მაგრამ ეს ნაჩვენებ შედეგს ვერ შეცვლის", - ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დეივ რენი. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ძალთა თანაფარდობა - საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, საქართველო. საუკეთესო XV - სტიუარდი (ინგლისი), ჯორდანი (ახალი ზელანდია), სლეიდი (ინგლისი), დე ალენდე (სამხრეთ აფრიკა), მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა), ნტამაკი (საფრანგეთი), დუპონი (საფრანგეთი), კიტშოფი (სამხრეთ აფრიკა), მაუვაკა (საფრანგეთი), ფურლონგი (ირლანდია), ეთზებეთი (სამხრეთ აფრიკა), ვოკი (საფრანგეთი), დორისი (ირლანდია), ბაშემი (უელსი), სავეა (ახალი ზელანდია).

სხვა სტატიები