Belive

THE IRISH TIMES: საქართველოსა და ფიჯის 6-ერში მიიწვევენ

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საერთაშორისო ტესტ-მატჩების კალენდარს განსაზღვრავენ. 6-ერის დარჩენილი მატჩების ჩატარების თარიღი შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლოს გახდეს ცნობილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ახალი ტურნირი, რომელშიც 6-ერის წარმომადგენლებთან დასაპირისპირებლად შესაძლოა საქართველო და ფიჯი მიიწვიონ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში ახალი 8-გუნდიანი ტურნირი გაიმართება, რომელშიც ჩრდილოეთ ჰემისფეროს 6-ერთან ერთად, იაპონია და ფიჯი იქნებოდნენ მიწვეული, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, იაპონიის ნაცვლად ტურნირში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 8-გუნდიან ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვას და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. არაერთმა გულშემატკივარმა ღიად დააფიქსირა, რომ ჩრდილოეთ ჰემისფეროს 6-ერთან დასაპირისპირებლად იაპონიისა და ფიჯის მიწვევა საქართველოსთვის ერთგვარი “სილი გაწვნაა”. THE IRISH TIMES-ის მტკიცებით, ნოემბერსა და დეკემბერში გასამართ 8-გუნდიან ტურნირში იაპონიის ნაცვლად საქართველო მიიღებს მონაწილეობას. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საკმაოდ დაბალია იმის ალბათობა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს ერებმა ტესტ-მატჩები ჩრდილოეთში გამართონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო და ფიჯი იდეალურ კანდიდატებად მიიჩნევიან - ბორჯღალოსნებისა და ფიჯის მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთისა და ბრიტანეთის საკლუბო ჩემპიონატებში ასპარეზობენ, რის გამოც მათ შორ დისტანციებზე გადაფრენა არ მოუწევთ. წყაროს მტკიცებით, ახალი 8-გუნდიანი ტურნირი ნოემბერში აიღებს სტარტს. ტურნირზე ორი 4-გუნდიანი ქვეჯგუფი იქნება. ქვეჯგუფებში 3 მატჩი გაიმართება და ჯგუფების პირველ ადგილოსნები, 5 დეკემბერს ფინალში შეერკინებიან.

სხვა სტატიები