Belive

ტოპ 14 | დავით ნინიაშვილის წარმატებული დებიუტი

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა, საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა "ლიონმა" მესამე ტურში "პერპინიანს" 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 47:3 დაამარცხა. ნინიაშვილი 11 ნომრის პოზიციაზე ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. სრული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემაც. "პერპინიანის" სასტარტოში იყო გიორგი თეთრაშვილი და ის 46-ე წუთზე შეცვალეს. "ბიარიცმა" "რასინგ 92" მიიღო და 28:19 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე 76-ე წუთზე შევიდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი, თუმცა თანაგუნდელის სინბინის შემდეგ, 69-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. "ბრივმა" "პოს" უმასპინძლა, ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 30:13 დაამარცხა. პირველივე წუთებიდან გავიდა მოედანზე მასპინძელთა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ის შესვენებისას შეცვალეს და 58-ე წუთზე უკან დააბრუნეს. 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ვასილ ლობჟანიძე. შესვენებაზე შეცვალეს "პოს" შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, თუმცა 62-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მასაც მოუწია. ფრედ 23:23 დასრულდა "კასტრისა" და "ბორდოს" შეხვედრა. "კასტრი" მასპინძელი იყო და 62-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, ორ წუთში წითელი ბარათით მეორეხაზელი დაკარგა, თუმცა 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ორი საცხრილო ქულა მიიღო. მათ რიგებში შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა. "ბორდოს" ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ლექსო ყაულაშვილი, თუმცა 71-ე წუთზე თამაშში დააბრუნეს. "მონპელიემ" "ტულუზს" დასკვნით 15 წუთში ორი უპასუხო ლელო გაუტანა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძელი 15:17 დამარცხდა. გელა აფრასიძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად "კლერმონთან" 22:23 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა "ლა როშელი", რომლის შემადგენლობაში 69-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. ტურის დასკვნით შეხვედრაში "ტულონმა" "სტად ფრანსეს" 38:5 მოუგო და ბონუსიც ჩაიწერა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა, ხოლო სტუმართა შორის შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა გიორგი მელიქიძე, თუმცა 70-ეზე თავად შეცვალეს. ინგლისის პრემიერშიფის პირველ ტურში "გლოსთერი" "ნორთჰემპტონს" ეწვია და 20:34 დამარცხდა. გიორგი კვესელაძემ სტუმართა შორის შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა და ორი შეტევით 6 მეტრი მოიგო. ფოტო: LOU Rugby წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები