Belive

"ცვლილებები თამაშის აჩქარების მიზნით" - მსოფლიო რაგბის ახალი წესები!

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ, თამაშის აჩქარების მიზნით, მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა.

World Rugby-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დამტკიცებული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს სარაგბო მატჩის სანახაობივ ასპექტზე და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცვლილებები შეეხო, როგორც უშუალოდ გარდასახვებისა და ჯარიმების დარტყმისათვის გამოყოფილი დროის შემცირებას, ასევე ვიდეო რეფერის (TMO) ჩართულობასა და მოედანზე წყლის შეტანის წესებს.

თამაშის აჩქარება

მოთამაშეებმა და მატჩის ოფიციალურმა პირებმა მკაცრად უნდა დაიცვან ცვლილება.

  • წესი 8.8დ - გარდასახვა: დამრტყმელი მოთამაშე ვალდებულია ლელოს ჩათვლის მომენტიდან, 90 წამის განმავლობაში შეასრულოს გარდასახვა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბურთი სადგამიდან ჩამოვარდა. (სანქცია - გარდასახვის გაუქმება).
  • წესი 8.21 - ჯარიმა: გუნდის მიერ ჯარიმის დარტყმის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დამრტყმელი მოთამაშე ვალდებულია დარტყმა შეასრულოს 60 წამის განმავლობაში - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბურთი სადგამიდან ჩამოვარდა. (სანქცია - ჯარიმის გაუქმება და შერკინების დანიშვნა).
  • წესი 9.7: დროის გაყვანის შემთხვევაში მოთამაშე დაისჯება. (სანქცია - თავისუფალი დარტყმა).
  • წესი 18.12: დერეფანი - მოთამაშეები ვალდებული არიან აუტის ჩაწოდების მომენტში, დერეფანი დროულად მოაწყონ. (სანქცია - თავისუფალი დარტყმა).
  • წესი 19.4: შერკინება - მითითების შემდეგ მოთამაშეები ვალდებული არიან 30 წამის განმავლობაში მოეწყონ. (სანქცია - თავისუფალი დარტყმა).

"მსოფლიო რაგბი, წევრი კავშირები და ტურნირის ორგანიზატორები აქტიურად იმუშავებენ სატელევიზიო მაუწყებლებთან, რათა მაყურებელთათვის ეკრანებზე გაჩნდეს წამზომი, რომელიც გარდასახვის, ჯარიმისა თუ შერკინების დროს ჩაირთვება და ყველა შეეძლება მის ათვლას თვალყური ადევნოს", - აღნიშნა მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსანმა - ფილ დევისმა.

მსოფლიო რაგბის მიერ, წესებში სრულად განხორციელებული ცვლილებები შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ.

სხვა სტატიები