Belive

უელსის რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნებს საინტერესო სტატია მიუძღვნა

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები D-ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯისა და ავსტრალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. D-ჯგუფის პირველ შეხვედრაში, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებთან დაპირისპირების წინ, უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე საკმაოდ საინტერესო სტატია განთავსდა. "D-ჯგუფის სასტარტო მატჩი კარგ შესაძლებლობას აძლევს უელსის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომ მსოფლიო თასზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყოს - თუმცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. ბორჯღალოსნებმა გასული ორი წლის მანძილზე არაერთი მაღალი დონის მატჩი გამართეს და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურეს." "საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2003 წლიდან, ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს მსოფლიო თასზე. 2015 წლის მსოფლიო თასზე კი ჯგუფურ ეტაპზე ტონგა და ნამიბია დაამარცხეს." "უორენ გეტლენდის გაწვრთნილი უელსი 2017 წლის ნოემბრის ტესტებზე ბორჯღალოსნებს შეერკინა. მიუხედავად იმისა, რომ უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო დაამარცხა (13:6) ბორჯღალოსნებმა მედგარი ბრძოლა გამოუცხადეს უძლიერეს მეტოქეს და იგივეს შეეცდებიან 23 სექტემბერს გასამართ დაპირისპირებაშიც. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბორჯღალოსანთა დომინირება შერკინებაში." "მილტონ ჰეიგმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგები ლეგენდარული მამუკა გორგოძის დამატებით კიდევ უფრო გააძლიერა. 2 წლიანი განშორების შემდეგ, მამუკა გორგოძე ბორჯღალოსნებს დაუბრუნდა, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალ ძალას ჰმატებს." სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები