Belive

წარმატებაში ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს - გლოსტერმა კვესელაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
გასული წლის "შემოდგომის ერთა თასზე" ნაჩვენები ბრწყინვალე პერფორმანსის შედეგად, გიორგი კვესელაძემ ინგლისური "გლოსტერის" ყურადღება მიიპყრო. პრემიერშიპის ბინადარმა კლუბმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრს კონტრაქტი 2020 წლის დეკემბერში გაუფორმა, თუმცა მისი დებიუტი მიმდინარე წლის თებერვალში, "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ შედგა.
"ქართველმა ცენტრმა - გიორგი კვესელაძემ, თეთრ-წითელი კვართის მორგებისთანავე გაიბრწყინა და ყურადღება მიიპყრო. ფიზიკურად ძლიერი კვესელაძე ბურთის წაღებისა და მოწინააღმდეგის დაცვის გაგლეჯვის უნარით გამოირჩევა. "გლოსტერის" სამომავლო წარმატებაში ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს”, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
24 ნოემბერს, "გლოსტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ოთხმა მორაგბემ მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. რუან აკერმანი, მატიას ალემანო, გიორგი კვესელაძე და ვალ რაფავა-რუსკინი პრემიერშიპის ბინადარი კლუბის ღირსებას კიდევ მრავალი წლის მანძილზე დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ რაფავა-რუსკინი საქართველოშია დაბადებული და “ბორჯღალოსან” გია რაფავას ვაჟია, თუმცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით არასდროს უასპარეზია.

სხვა სტატიები