Belive

ზაფხულის სანაკრებო სეზონი თელავში გაიხსნება

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
26 ივნისს, "ბორჯღალოსნები", თელავში და ზოგადად კახეთში პირველად ითამაშებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება. ეს იქნება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი და მისი დასრულების შემდეგ, "ბორჯღალოსნები" მე-13-ედ ჩაიბარებენ მთავარ ჯილდოს. ვინ ეწვევა თელავს – ბელგია თუ ნიდერლანდები, 29 მაისს გაირკვევა. თელავში თანამედროვე რაგბის სტადიონი "კავკასიონი არენა" "ქართუ ჯგუფმა" ააშენა, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. რაგბის კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ რეგიონებში რაგბის პოპულარიზაცია მოხდეს და თელავში მატჩის ჩატარება ამ გეგმის ნაწილია. ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს: "სასიხარულოა, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით, რაგბის რეგიონებში გატანის საშუალება გვაქვს და ამისათვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". რეგიონებში რაგბის გატანა ქუთაისიდან დავიწყეთ და მომავალშიც ვეცდებით სანაკრებო თამაშების არეალის გაზრდას. თელავში უკვე გვაქვს ძალიან კარგი კომპლექსი. კახეთში რაგბის კუთხით ბევრი კარგი რამ კეთდება, რაც თელავში ნაკრების მატჩის ჩატარებით დაფასდა. ეს ერთის მხრივ რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას დაეხმარება და მეორეს მხრივ, კახეთში ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს".
2222

რაგბის კავშირის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე ამბობს, რომ რაგბის კავშირის მიზანია ქვეყანას ტურიზმის აღდგენა-განვითარებაში, ეკონომიკის გაჯანსაღებაში დაეხმაროს და სანაკრებო თამაშები ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასაც მოემსახურება: "ჩვენი პოზიციაა, რომ რაგბი მხოლოდ გუნდის წარმატება და სპორტი არაა. ჩვენი სურვილია, რომ ეს წარმატება მივმართოთ ქვეყნის კეთილდღეობის ასამაღლებლად და პოსტპანდემიურ პერიოდში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის პროცესში. გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი თამაში, შინ იქნება ის თუ სტუმრად, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, სადაც მოედნის ხარისხი და ინფრასტრუქტურა მოგვცემს თამაშების ჩატარების შესაძლებლობას, ამ შანსს ყველგან გამოვიყენებთ". "ამ შემთხვევაში, ბელგიისა თუ ნიდერლანდების ნაკრებთან თამაშს, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება, სთრიმისა თუ ტელევიზიების საშუალებით წვდომა 40-50 მილიონი ადამიანს ექნება. შოტლანდიასთან თამაშზე საერთაშორისო მედიის მოლოდინები 300-იდან 500 მილიონამდე ადის, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან, მსოფლიო ჩემპიონის პირველ თამაშზე, 800 მილიონამდე ნახვას ელიან. ეს იქნება საშუალება, რომ მათ დავანახოთ არა მხოლოდ ჩვენი სპორტული, არამედ ტურისტული შესაძლებლობა და ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და კერძო სექტორთან. გვინდა, რომ ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო დებს ქართული რაგბის განვითარებაში, ათმაგად დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის გადასახადების გადამხდელებს". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები