Belive

ზედიზედ მეორე მარცხი - რუსეთი აუსტაიდერ ბელგიასთან განადგურდა

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტური სენსაციურად დაიწყო.

ბელგია 38:12 რუსეთი

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ბელგია დაუპირისპირდა და ყველასათვის გასაკვირად, გამანადგურებელი ანგარიშით 38:12 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი რომელიმე ნაკრების გამოკვეთილი უპირატესობის გარეშე წარიმართა და ბელგიის მარცხით, ანგარიშით 10:12 დასრულდა. რადიკალურად განსხვავებულად და რუსეთისათვის კატასტროფულად განვითარდა მოვლენები მატჩის მეორე ტაიმში. ბელგიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ტაიმში რუსეთი არ დაინდო და ოთხი ლელო დაუდო - ბელგიელებმა ოთხივე ლელო გარდასახეს და მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე მშრალზე გაანადგურეს (28:0). მეორე ტაიმში, დაცვაში კატასტროფული თამაშის პარალელურად, რუსეთი მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერც შეტევაში შეძლო ქულის აღება და საბოლოოდ დაპირისპირება ბელგიის დომინანტური გამარჯვებით (38:12) დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების პირველ მატშიც სოლიდური სხვაობით დამარცხდა. რუსეთი - ესპანეთის დაპირისპირებაშიც მოვლენები თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდა. მეორე ტაიმში, ესპანელმა მორაგბეებმა რუსები დაჩაგრეს და სამი ლელო დაუდეს, რომელსაც რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი გარდაუსახავი ლელოთი უპასუხა. საბოლოოდ შეხვედრა რუსეთის მარცხით, 12:31 დასრულდა.

პორტუგალია 17:6 რუმინეთი (შესვენება)

სენსაციურად მიმდინარეობს პორტუგალიისა და რუმინეთის დაპირისპირება. პირველ ტურში ბორჯღალოსნებთან განადგურებული რუმინეთი რაგბი ევროპის ჩემპიონატში წელს დაბრუნებულ პორტუგალიასთან მარცხდება. პირველ ტაიმში, პორტუგალიის ორ გარდასახულ ლელოსა და ჯარიმას რუმინეთმა მხოლოდ 2 ჯარიმით უპასუხა. შესვენების შემდეგ, 11 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა მოუწევს.

ესპანეთი : საქართველო

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 თებერვალს ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 15:45 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ესპანელები გამალებით მოემზადნენ და უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი. "ლომებმა" საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატებში მოასპარეზე ყველა ლეგიონერი იხმეს. ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში კი 22 წლის აკა ტაბუცაძის დებიუტი შედგება.

სხვა სტატიები