Belive

ალექსანდერ-არნოლდის 2 ფენომენალური პასი, რომელმაც ფანები აღაფრთოვანა

1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, "ბენფიკა" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. ლისაბონში, "ესტადიო და ლუზზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 1:3 დასრულდა. მერსისაიდული გრანდის განაპირა მცველმა - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გასაოცარი მატჩი ჩაატარა. დაცვაში კარგი თამაშის პარალელურად, ტრენტი გულშემატკივრებს შეტევაში ბრწყინვალე თამაშითაც ანებივრებს, რაზეც მის მიერ შესრულებული საგოლე გადაცემებისა და მწვავე შეტევების რაოდენობაც მეტყველებს. გამონაკლისი არც "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართული მატჩი გამოდგა, სადაც ტრენტმა 2 ფენომენალური პასი შეასრულა. პირველ შემთხვევაში, ალექსანდერ-არნოლდმა შორეული, ზუსტი და იდეალური პასი ლუის დიაზს გაუკეთა, რომელმაც ბურთი თავით სადიო მანეს დაუგდო. ტრენტის წამოწყებულ ბრწყინვალე შეტევას "ლივერპულის" არანაკლებ ეფექტური გოლი მოჰყვა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ალექსანდერ-არნოლდმა საკუთარი ნახევრიდან მოჰამედ სალაჰს იდეალური პასი გაუკეთა, თუმცა ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მეკარის დამარცხება და გოლის გატანა ვერ შეძლო. "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს, "ლივერპულის" მარჯვენა მცველმა კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცა და პირად აქტივში მორიგი გასაოცარი მატჩი ჩაიწერა.

სხვა სტატიები