Belive

ჩემპიონთა ლიგა: მსაჯების მიერ დაშვებული 5 შეცდომა, რომლებმაც თამაშზე გავლენა მოახდინა (ვიდეო)

6 წთ
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, არაერთი გამორჩეული თამაში ყოფილა. ზოგი დრამატულობით და უხვგოლიანობით, ზოგიც კი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომებით დაგვამახსოვრდა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მატჩს, რომლებშიც მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამან მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.

5. ფელიპე სანტანას გამარჯვების გოლი "მალაგას" კარში.

2012/2013 წლის მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს მანუელ პელეგრინის "მალაგა" და იურგენ კლოპის "ბორუსია" შეხვდნენ. პირველი მატჩი ესპანეთში ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე შეხვედრა კი საკმაოდ დრამატული გამოდგა. 90-ე წუთისთვის ანგარიში 2:2 გახლდათ და ამ შედეგით, მომდევნო ეტაპზე "მალაგა" გადიოდა. ფელიპე სანტანამ, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ესპანელებს გამარჯვების გოლი გაუტანა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ ეპიზოდში მთავარი არბიტრი აშკარად შეცდა.
შეტევის პირველ ეპიზოდში, ლევანდოვსკის პასის დროს, "ბორუსიას" ერთბაშად 4 ფეხბურთელი იმყოფებოდა თამაშგარე მდგომარეობაში, რაც მსაჯმა ვერ შენიშნა. საჯარიმოში არეულობის შედეგად, კართან ახლოს, ბურთი, იულიან შიბერს მიუვიდა, მან კი პასი სანტანას გაუკეთა.
როგორც სურათზე ხედავთ, "მალაგას" მცველი, პასის დროს,  კარის ხაზს იქით არის და ფეხბურთის წესების მიხედვით, ხაზის გარეთ მყოფი ფეხბურთელი აქტიურ თამაშში არ ითვლება. სანტანა კი კაბალეროზე წინ დგას. შიბერის პასის მომენტში სანტანა აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო. რომ არა მსაჯის მიერ ასეთი შეცდომა, დიდი ალბათობით შემდეგ ეტაპზე "მალაგა" გავიდოდა.

4. კრიშტიანუ რონალდუს ორი თამაშგარედან გატანილი გოლი, "ბაიერნის" კარში.

მატჩი, რომელსაც ვერცერთი "რეკორდმაისტერის" გულშემატკივარი ვერ დაივიწყებს. 2016/2017 წლის სეზონში, "რეალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ. პირველი შეხვედრა, მადრიდელებმა სტუმრად, 1:2 მოიგეს. განმეორებით შეხვედრაში მიუნხენელებმა სასწაული მოახდინეს და ძირითადი დრო იმავე ანგარიშით დასრულდა, ოღონდ ამჯერად გერმანელთა სასარგებლოდ. დამატებით დროში კრიშტიანუ რონალდუმ ორჯერ აიღო ნოიერის კარი, რითიც ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს გოლი, პორტუგალიელმა, თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. მსაჯის მიერ დაშვებულმა ამ შეცდომამ დიდი როლი ითამაშა სამეფო კლუბის მომდევნო ეტაპზე გასვლაში.
ამის შემდეგ მარკო ასენსიომაც გამოიჩინა თავი თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა.

3. 2011 წელს ნახევარფინალში, პეპეს გაძევება "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ჟოზე მოურინიოს პირველი წელი მადრიდის რეალში. იმ პერიოდში "ელ კლასიკო" გულშემატკივარმა 4-ჯერ იხილა. ერთი, ლა ლიგის ეგიდით, მეორე კოპა დელ რეის ფინალში, ხოლო დანარჩენი ორი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველი მატჩი მადრიდში გაიმართა. "ბარსელონა" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ "სამეფო კლუბი" ზეწოლას უძლებდა და მოურინიოსთვის სასურველი ანგარიში 0:0 ფიქსირდებოდა. მატჩის 61-ე წუთზე პეპესა და დანი ალვეშს შორის თითქოს დიდი შეჯახება მოხდა, რაზეც მსაჯმა პორტუგალიელ მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ერთი შეხედვით დინამიკაში ისე ჩანდა, რომ პეპე, ბრაზილიელ მცველს საკმაოდ ეუხეშა, მაგრამ რეალურად არც კი შეხებია. დანი ალვეშმა უდიდესი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და ეპიზოდი საუკეთესოდ გააფორმა. ამის შემდეგ ლეო მესიმ 10 კაციანი "რეალის" კარი ორჯერ აიღო. პეპეს გაგდებამ მატჩის შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საპასუხო მატჩი "კამპ ნოუზე" ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალში "ბარსელონა" გავიდა.

2. 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც "ბაიერნის" მცველი დანტე მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. მატჩის 29-ე წუთზე "რეკორდმაისტერის" მცველი დანტე მსაჯმა ყვითელი ბარათით გააფრთხილა. ამის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა "ბაიერნის" დაწინაურება შეძლო. შეხვედრის 68-ე წუთზე, დანტე, მარკო როისს საკმაოდ უხეშად ეთამაშა, რის გამოც ჰაინკესის გუნდის კარში პენალტი დაინიშნა.
  როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბრაზილიელ მცველს პირველ ტაიმში უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი. ჯარიმის სიმძიმე საკმაოდ მაღალი გახლდათ. მთავარ არბიტრს სრულიად თავისუფლად შეეძლო დანტეს გაძევება, მაგრამ დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. ილქაი გიუნდოგანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 89-ე წუთზე არიენ რობენმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ნანატრი ტიტულის ზეიმის საშუალება მისცა. ვინ იცის, რომ არა მსაჯის შეცდომა, რა შედეგით დასრულდებოდა მატჩი.

1. 2009 წლის ნახევარფინალი - "ჩელსი" Vs. "ბარსელონა

ალბათ ყველაზე ცუდად ნამსაჯი მატჩი, ლიგის ისტორიაში. ამ თამაშზე ყველამ კარგად იცის რა და როგორ მოხდა. გთავაზობთ მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების კრებულს.

სხვა სტატიები