Belive

ჩემპიონთა ლიგის ტოპ 10 მომენტი ბოლო ათწლეულში

7 წთ
კორონავირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ უდიდესი გავლენა სპორტზეც იქონია: ყველა მთავარი ტურნირი, რომელიც სპორტის მოყვარულების ინტერესს იწვევდა, გადადებულია. უფეხბურთობის ჟამს, გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ათწლეულის 10 გამორჩეული და დაუვიწყარი მომენტი.

10. ლუკას მოურას ჰეთ-თრიკი "აიაქსის" წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სრულიად მოულოდნელად, ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "აიაქსი" დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ლონდონელებმა, სახლში 0:1 დათმეს. განმეორებითი შეხვედრა ამსტერდამში გაიმართა: "აიაქსმა" თამაში დამაჯერებლად დაიწყო და მეორე ტაიმში ანგარიში უკვე 2:0 გახლდათ. ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა, რომ "ტოტენჰემი" იმ დროისთვის მფრინავ "აიაქსს" ერთ ტაიმში სამ გოლს გაუტანდა და ფინალში გავიდოდა. ლუკას მოურამ შეუძლებელი შეძლო და ამსტერდამელებს მიყოლებით სამი გოლი გაუტანა და ჰოლანდიელები ჩემპიონთა ლიგას ბოლო წამს გამოთიშა.

9. სერხი რობერტოს გოლი "პსჟ-ს" კარში

უდავოდ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო "ქამ ბექი." "ბარსელონა" და "პსჟ" ერთმანეთს 2017 წელს, მეოთხედფინალში შეხვდნენ. პირველი შეხვედრა პარიზში, მასპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით (4:0) მოიგეს. ეჭვი ფაქტიურად არავის ეპარებოდა, რომ შემდეგ ეტაპზე უნარი ემერის გუნდი გავიდოდა, მაგრამ კატალონიაში ასე არ ფიქრობდნენ. "ბარსელონამ" სასწაულის მოხდენა შეძლო და მეტოქეს 6:1 სძლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, ედისონ კავანიმ ერთი გოლის გატანა შეძლო და ამით თითქოს "ბარსა" უნდა გამტყდარიყო. მეტიც, კავანის დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა, მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო. საპასუხოდ, ნეიმარის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, კატალონიელებმა უმოკლეს დროში სამი გოლის გატანა მოახერხეს, გადამწყვეტი გოლი კი ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ გაიტანა.

8. ალექსანდრ-არნოლდის მოულოდნელი კუთხური "ბარსელონას" წინააღმდეგ

კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი. "მერსისაიდელებმა" პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება სტუმრად "ბარსელონასთან"  3:0 დათმეს. მეორე შეხვედრაში კლოპის ბიჭებმა სასწაულის მოხდენა შეძლეს. მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია "ლივერპულის" მე-4 გოლი. მატჩის 79-ე წუთზე, "ბლაუგრანას" კართან კუთხური დაინიშნა. მეტოქის საჯარიმოში მხოლოდ დივოკ ორიჯი და სადიო მანე იყვნენ ჩასული. "ბარსელონას" ფეხბურთელები, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების ჩამოსვლას ელოდებოდნენ, რა დროსაც არნოლდმა კატალონიელების უყურადღებობით ისარგებლა და ორიჯის პასი გაუკეთა, ბელგიელმა კი ერთი შეხებით, ტერ შტეგენის კარი  აიღო.

7. გარეთ ბეილის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში

2018 წელს, კიევში, ერთმანეთს, მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მადრიდელებმა 3:1 მოიგეს და ისტორიაში მე-13 ტიტულს დაეუფლნენ. ამ შეხვედრაში გამოსარჩევია გარეთ ბეილის უალამაზესი გოლი. მაშინ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბეილმა მარსელოს მაღალი ჩაწოდება იდეალურად გამოიყენა. უელსელმა ე.წ. "მაკრატელა" შეასრულა და კარიუსის კარში აუღებელი გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ზინედინ ზიდანის შემდეგ, ასეთი ეფექტური გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არავის გაუტანია. მოგვიანებით, კარიუსის შეცდომის შედეგად, რეალის "თერთმეტიანმა" მეტოქეს კიდევ ერთი გოლი გაუტანა და გუნდს ჩემპიონობა მოუპოვა.

6. კრიშტიანუ რონალდუს 5 გოლი "ბაიერნის" კარში

პორტუგალიელი ფეხბურთელი გერმანელებს ღამის კოშმარად მოევლინა: კრიშტიანუმ "ბაიერნს" ორი მატჩის ჯამში 5 გოლი გაუტანა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაინსმენმა კრიშტიანუ თამაშგარე მდგომარეობაში 2-ჯერ ვერ დაინახა.

5. 2014 წელს სერხიო რამოსის გოლი "ატლეტიკოს" კარში

2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული დერბი შედგა. "სამეფო კლუბს" ლიგის თასი 12 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. ფინალი დრამატულად წარიმართა. პირველ ტაიმში, იკერ კასილასის შეცდომის შედეგად, დიეგო გოდინმა "როხიბლანკო" დააწინაურა. "ატლეტიკო" პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა, მეტოქეს საგოლე შანსებს იშვიათად აძლევდა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "ატლეტიკო" ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უნდა გამხდარიყო. დადგა მატჩის 93-ე წუთი: ლუკა მოდრიჩი კუთხურის ჩასაწოდებლად გაემართა. საჯარიმოში რა თქმა უნდა სერხიო რამოსი ჩავიდა. ჩაწოდების შედეგად, სერხიო რამოსმა კურტუას კარი აიღო, "რეალმა" გაათანაბრა და მატჩი გადაარჩინა. ამ გოლით რამოსმა "ატლეტიკო" ფსიქოლოგიურად გატეხა - "როხიბლანკომ" დამატებით დროში კიდევ 3 გოლი გაუშვა და ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის თასი, ფაქტობრივად ხელიდან გაუშვა.

4. დიდიე დროგბას გოლი "ბაიერნის" კარში.

საოცარი ფინალი მიუნხენში. "ბაიერნს" ჰქონდა ყველა პირობა იმისთვის, რომ ფინალი მოეგო. ლონდონელებს არაერთი ძირითადი შემადგენლობის წევრი აკლდათ და ამასთან, "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე თამაშობდა. მატჩის სადავეები, ძირითადად გერმანელებს ჰქონდათ აღებული და მატჩის მიწურულს, თომას მიულერის გოლის წყალობით იგებდნენ კიდეც, თუმცა 88-ე წუთზე, "ბაიერნის" კართან კუთხური დაინიშნა. ეს კუთხური მატჩში "არისტოკრატებისთვის" პირველი იყო.  ხუან მატას ჩაწოდებას, დროგბამ ზუსტი და შეიძლება ითქვას, აუღებელი თავური დარტყმით უპასუხა - ანგარიში გათანაბრდა. საბოლოოდ, გამარჯვებულის ბედი, პენალტების სერიით გამოვლინდა. გამარჯვების პენალტიც კოტ დ'იუვარელმა ფეხბურთელმა შეასრულა და ფინალის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც დაიმსახურა.

3. ლიონელ მესის გოლი "ბაიერნის" კარში.

დაუვიწყარი გოლი მესის შესრულებით. ხსენებული მატჩი კატალონიელებმა 3:0 მოიგეს. ამ თამაშში გამოსარჩევია არგენტინელის გოლი. მესიმ ჟერომ ბოატენგი პატარა ბავშვივით მოატყუა და ნოიერთან პირისპირ გავიდა. ბევრი გულშემატკივარის აზრით, ბოატენგის რეგრესი, სწორედ ამ მომენტის შემდეგ დაიწყო.

2. პეპ გვარდიოლას გენიალური ტაქტიკა, 2011 წლის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან."

არსებობს მოსაზრება, რომ 2011 წლის ფინალში, "ბარსელონას" თამაში, ისტორიაში საუკეთესო მატჩია. გვარდიოლას ტაქტიკას, ფერგიუსონმა ვერაფერი დაუპირისპირა. მატჩის მიმდინარეობისას, გაჩნდა შეგრძნება, რომ ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. ულამაზესი ფეხბურთით და ულამაზესი გოლებით, "ბლაუგრანამ" "ეშმაკები" უშანსოდ დაამარცხა. ისიც აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონს ფინალში შესანიშნავი გუნდი ჰყავდა გაყვანილი, მაგრამ კატალონიელების წინააღმდეგ, გუნდმა ვერაფერი გააწყო. გთავაზობთ პეპ გვარდიოლას ტაქტიკურ ანალიზს.

1. მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო - ის, რაც ფეხბურთის ისტორიაში, არცერთ გუნდს არ გაუკეთებია

2015/2016 წელი - "რეალი" 1:1 "ატლეტიკო" (5:3 პენ.)


2016/2017 წელი - "რეალი" 4:1 "იუვენტუსი"


2017/2018 წელი - "რეალი" 3:1 "ლივერპული"

სხვა სტატიები