Belive

ელ პისტოლერომ 32-ედ გაისროლა (ვიდეო)

3 წთ
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი, ლუის სუარესი იუბილარია. ურუგვაელ თავდამსხმელს 32 წელი შეუსრულდა. "ელ პისტოლერო", როგორც მას უწოდებენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 9-იანია. კარიერაში ლუის სუარესს სულ 693 მატჩი აქვს ჩატარებული და გატანილი აქვს 442 გოლი. ამას დაუმატა 239 საგოლე გადაცემა და 17 ტიტული. მისი კარიერა 2005 წელს ურუგვაის კლუბ "ნასიონალში" დაიწყო. სამშობლოში სუარესმა 1 სეზონი გაატარა და 34 თამაშში 12 ბურთის გატანა შეძლო. ურუგვაიდან ევროპაში გადმობარგდა, კერძოდ ჰოლანდიაში "გრონინგენის" მაისური მოირგო და იქაც 1 სეზონი ითამაშა. ამ პერიოდში 37 თამაშის ჩატარება მოასწრო და 15-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ჰოლანდიაში სუარესმა ყურადღება მიიქცია და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო და ტრადიციულ კლუბში, ამსტერდამის "აიაქსში" გადაბარგდა. ამსტერდამულ გრანდში ლუისმა 2007-11 წლებში ითამაშა და საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. 159 თამაშში 111 ბურთის გატანა შეძლო. როგორც ხედავთ, მისი კარიერა ნელ-ნელა ვითარდებოდა და "აიაქსიდან" "ლივერპულში" წავიდა. მერსესაიდულ გრანდში 2011-14 წლებში იასპარეზა. გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა და 133 თამაშში 88 ბურთიც გაიტანა. "ლივერპულიდან" ის "ბარსელონამ" 2014-15 წლების სეზონში შეიძინა და დღემდე "ბლაუგრანას" ღირსებას იცავს. ამ წუთისთვის სუარესს კალატლონიელთა მაისური 224-ჯერ აქვს მორგებული და 167 ბურთი აქვს გატანილი. ის "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირთა შორის "ლა ლიგაში" გატანილი ბურთებით მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს, ის 2007 წლიდან თამაშობს და 106 თამაშში 55 ბურთი აქვს გატანილი. რაც შეეხება სუარესის ტიტულებსა და ინდივიდუალურ პრიზებს, ურუგვაის ჩემპიონია ერთხელ, თითოჯერ მოგებული აქვს ჰოლანდიის "ერედივიზიონი" და ჰოლანდიის თასი. "ლივერპულთან" ერთად ერთხელ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. "ბარსელონაში" კი ის ტიტულოვან მოთამაშედ იქცა. 3-ჯერ "ლა ლიგა", 4-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ერთხელ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ UEFA-ს სუპერ თასი. ერთხელ FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ურუგვაის ნაკრებთან ერთად ერთხელ, 2011 წელს კოპა ამერიკა მოიგო. ინდივიდუალური პრიზები კი სუარესს ძალიან ბევრი აქვს. ორჯერ გახდა "აიაქსის" წლის ფეხბურთელი. ერთხელ ჰოლანდიის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ორჯერ დასახელდა "ლივერპულის" წლის მოთამაშედ. ერთხელ "პრემიერლიგის" საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მას ასევე მოგებული აქვს ოქროს ბუცი.

სხვა სტატიები