Belive

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე IV (ვიდეო)

11 წთ
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე რიგით მეოთხე და უდავოდ ყველაზე საინტერესო დღე მიილია. დღევანდელ მატჩებს არ აკლდა დაძაბულობა, ვიხილეთ ერთი სენსაცია, ერთი მინი-სენსაცია და თურქეთის ნაკრებსაც ცოტა დააკლდა დიდი სენსაციის მოხდენამდე. მაშ ასე, მივყვეთ დეტალურად:

E ჯგუფი

ჩეხებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს იაპონიის ნაკრებთან და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს - 89:76. ევროპელებს ამ მატჩში გამარჯვება ფლეი-ოფისთვის ბრძოლის კარგ შანსს უტოვებდა და ჩეხებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს, თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ რონენ გინსბურგის შეგირდები მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას, და საფინალო სასტვენისას 13 ქულიანი სხვაობაც სამართლიანად დაფიქსირდა. ჩეხეთის ნაკრების გამარჯვება სამმა კალათბურთელმა განაპირობა, იარომირ ბოჰაჩიკის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი იყო. ბლეიკ შილბმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას 3 მოხსნა წაამატა. შედეგიანი მატჩი ჩაატარა ჩეხების მთავარმა ვარსკვლავმა, ტომაშ სატორანსკიმაც, რომელმაც 15 ქულას, 6 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა წაუმატა. იაპონელებს რუი ჰაჩიმურამ ულიდერა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი იყო. 15 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა იუტა ვატანაბემ, ხოლო ნიკ ფაზეკაშმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 10 მოხსნა.  

  საოცარი მატჩი შედგა თურქეთისა და აშშ-ს ნაკრებებს შორის, თურქებს ამერიკელების დასამარცხებლად ცოტა დააკლდათ. მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მთელი მატჩის მანძილზე უფუკ სარიცას შეგირდები მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. სიტუაცია მატჩის ბოლოს განსაკუთრებით დაიძაბა, თურქები შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე ერსან ილიასოვას წყალობით 2 ქულით გავიდნენ წინ, ხოლო ამერიკელებს ბოლო შეტევა რჩებოდათ. წამის მეასედი იყო დარჩენილი, როდესაც ჩედი ოსმანმა იმ დროს დაარღვია ჯეისონ ტატუმზე თამაშის წესები, როდესაც ეს უკანასკნელი სამქულიანი ტყორცნას ცდილობდა. ტატუმს შანსი მიეცა მატჩი ძირითად დროში დაესრულებინდა თუმცა სამიდან მხოლოდ ორი საჯარიმო გამოიყენა და ამ ჩემპიონატზე მეორედ ოვერტაიმი დაინიშნა. ოვერტაიმის დასაწყისშივე ჩედი ოსმანის, სკოტ ვილბეკინის და მელიჰ მაჰმუტოღლუს შესანიშნავი თამაშის წყალობით თურქები 5 ქულით გაიჭრნენ წინ და რაც დამატებითი დროისთვის სერიოზული უპირატესობაა. მაგრამ კემბა უოკერმა ზუსტად 38 წამის მანძილზე ჯერ სამქულიანი მიითვალა შემდეგ კი კიდევ ორი ქულა შესძინა გუნდს და ანგარიში გაათანაბრა.  შეხვედრის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა როდესაც თურქები 1 ქულით იყვნენ წინ, და გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, თუმცა ამ მომენტიდან მოყოლებული ჩედი ოსმანმა და დოგუს ბალბაიმ 4-დან 4 საჯარიმო გააფუჭეს და ბოლო შეტევა მოქმედ ჩემპიონებს დაუტოვეს. 2 წამით ადრე თუნჩერი მიდლტონზე დაჯარიმდა, "მილუოკი ბაქსის" მსუბუქმა ფორვარდმა 2-დან 2 საჯარიმო ზუსტად ტყორცნა, თურქებმა კი დარჩენილ 2 წამში სამქულიანი ააცილეს, შედეგად გამარჯვება ამერიკას დარჩა - 93:92. "ქედს ვიხრი მოწინააღმდეგის წინაშე, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო სადაც მითამაშია" - განაცხადა აშშ-ს ცენტრმა მაილს ტერნერმა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო კრის მიდლტონი იყო 15 ქულიტა და 2 მოხსნით. 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა ჯეისონ ტატუმმა, 11 ქულა და 9 მოხსნა იყო მაილს ტერნერის ანგარიშზე, ხოლო კემბა უოკერმა 14 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა თურქთაგან ერსან ილიასოვას, 32 წლის კალათბურთელმა 23 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. 18 ქულა და 2 მოხსნა იყო მელიჰ მაჰმუტოღლუს ანგარიშზე, ხოლო ფურკან კორკმაზმა 16 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 15 ქულას დასჯერდა ჩედი ოსმანი.  

 

F ჯგუფი

მონტენეგრომ და ახალმა ზელანდიამ პირველი მეოთხედი აქტიურად დაიწყეს და სიზუსტეც მოწოდების სიმაღლეზე ჰქონდათ, პირველი ათწუთეული ზელანდიელებმა 31:26 მოიგეს, პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი 9 ქულით ლიდერობდნენ 53:44. მეორე ნახევარი ბალკანელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა საბოლოო გარდატეხის შესატანად არც ძალა ეყოთ და ვერც კორი ვებსტერს მოუნახეს გასაღები, საბოლოო ანგარიში 93:83 ახალი ზელანდიის სასარგებლოდ. გამარჯვებულების რიგებში საუკეთესო სწორედ ზემოთხსენებული ვებსტერი იყო, 30 წლის მსროლელმა გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა, 20 ქულა და 7 მოხსნა იყო ისააკ ფოტუს ანგარიშზე. მონტენეგროს ნაკრებში ნიკოლა ივანოვიჩი გამოირჩა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 2 მოხსნა და 7 ასისტი მოგროვდა. ნიკოლა ვუჩევიჩმა გუნდს 15 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.  

  კიდევ ერთი დრამა ბრაზილია - საბერძნეთის შეხვედრაში განვითარდა. ბერძნები ამ შეხვედრის ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ბრაზილია მოედანზე სულ სხვა ფიქრებით გავიდა და საბოლოოდ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო. უნდა აღინიშნოს შეტევაში ანდერსონ ვარეჟაოს, ხოლო დაცვაში ბრუნო კაბოკლოსა და ალექს გარსიას თამაში, რომლებმაც იანის ანტეტოკუნმპოს განეიტრალება შეძლეს. შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ანდერსონ ვარეჟაომ ორქულიანი ჩააგდო და სამხრეთ ამერიკელები 78:76 დააწინაურა, ამას ნიკ კალატესის არაზუსტი თამაში, კაბოკლოს ჩაჭრა და ბერძნების ლეანდრო ბარბოსაზე დაჯარიმება მოჰყვა. ბარბოსამ 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. საბერძნეთის ნაკრებს სამი წამი რჩებოდა როდესაც კოსტას სლუკასმა საკუთარი ნახევრიდან სცადა ბურთის ტყორცნა, ამ დროს დიდი ლუზადამ აბსოლუტურად უაზრო ფოლი აიღო, და სლუკასს ანგარიშის გათანაბრების და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი მიეცა, თუმცა მესამე საჯარიმო გააფუჭა და საბოლოოდ გამარჯვება ბრაზილიელებმა იზეიმეს - 79:78. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ანდერსონ ვარეჟაო, NBA მოვლილმა ვეტერანმა 22 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს უწია. 15 ქულა იყო მარკინიოს სოუზას ანგარიშზე, ხოლო ლეანდრო ბარბოსამ და ალექს გარსიამ 13-13 ქულა ჩააგდეს. საბერძნეთის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით და 4 მოხსნით გეორგიოს პრინტეზისი იყო, 16 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი მოაგროვა ნიკ კალატესმა, ხოლო იანის ანტეტოკუნმპომ თითქმის 29 წუთში მისთვის უჩვეულოდ ცოტა 13 ქულა ჩააგდო.  

 

G ჯგუფი

ყველასათვის მოულოდნელად დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებმა გერმანელები დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ნესტორ გარსიას შეგირდები მთელი მატჩის განმალობაში ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, გერმანელებმა 19 ცდიდან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდეს, რაც მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მატჩი ბოლოს დანილო ბართელს შეეძლო "ბაზერით" გერმანიისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა მისი შორეული ტყორცნა არაზუსტი გამოდგა, საბოლოოდ 70:68 დომინიკის რესპუბლიკის სასარგებლოდ. "ბუნდესნაკრებში" საუკეთესო 20 ქულით, 3 მოხსნით და 7 ასისტით დენის შროდერი იყო. დანიელ ტაისმა 12 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. დომინიკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით, 4 მოხსნით და 5 ასისტით ვიქტორ ლიზი იყო, ხოლო ელოი ვარგასმა 16 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

  როგორც მოსალოდნელი იყო საფრანგეთის ნაკრებმა შანსოდ გაანადგურა იორდანია, და შემდეგი ეტაპის საგზური მშვიდად მოიპოვა. საფრანგეთის ნაკრებში ნიკოლას ბატუმის გარდა  ყველას მიეცა სათამაშო დრო, და ქულებიც გარკვეულწილად თანაბრად გადანაწილდა, საბოლოოდ კი ანგარიშმა ფრანგების 39 ქულიანი გამარჯვება დააფიქსირა - 103:64. ევროპელების რიგებში საუკეთესო იყო ნანდო დე კოლო, ვინც 19 ქულას 8 ასისტი დაუმატა. 16 ქულა, 13 მოხსნა და 2 ბლოკ-შოტი იყო რუდი გობერის ანგარიშზე, ხოლო ფრანკ ნტილიკინამ 12 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. იორდანიელთა რიგებში საუკეთესო 20 ქულითა და 2 მოხსნით დარ ტაკერი გახლდათ.  

H ჯგუფი

ყველაზე მშვიდად მოვლენები ბოლო ჯგუფში განვითარდა, სენეგალი დიდი ხნის მანძილზე უწევდა წინააღმდეგობას ავსტრალიას, თუმცა ანდრეი ლემანისის შეგირდებმა ფავორიტის სახელი ბოლოსკენ მაინც გაამართლეს. პირველი ტაიმი ავსტრალიამ სამი ქულის სხვაობით მოიგო, მეორე ნახევარში კი ჯო ინგლესისა და პატი მილსის წყალობით უფრო გაზარდეს უპირატესობა, საბოლოოდ 81:68 ავსტრალიის სასარგებლოდ. გამარჯვებულებში ყველაზე შედეგიანი პატი მილსი იყო 22 ქულით, ჩემპიონატის პირველ სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა ჯო ინგლესს, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 10 მოხსნა და 9 ასისტი იყო. 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა აარონ ბეინსმა. სენეგალის ნაკრებში ხანე დალმეიდამ 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი მიამატა. 13 ქულა და 10 მოხსნა იყო იუსუფა ნდოიეს ანგარიშზე, ხოლო მორის ნდურმა 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.  

  მარტივად მოიგო ლიეტუვის ნაკრებმა. ბალტიისპირელებმა კანადა 4-დან 3 მეოთხედში დაამარცხეს და საბოლოოდ 23 ქულის სხვაობით 92:69 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებით ლიეტუვამაც გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური. ლიეტუველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი "ჟალგირისის" მსუბუქი ფორვარდი ედგარას ულანოვასი იყო, რომელმაც 15 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. 13 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო იონას ვალანჩიუნასის ანგარიშზე. 10 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა დომანტას საბონისმა.  

სხვა სტატიები