Belive

ლა ლიგა: XV ტურის მიმოხილვა (ვიდეო)

10 წთ
"ლა ლიგის" XV ტური საკმაოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. ტურში ორი ცენტრალური მატჩი იყო. "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "სევილია" მიიღო, ხოლო კატალონიურ დერბიში "ესპანიოლმა" "ბარსელონას" უმასპინძლა. ეს უკანასკნელი მატჩი უფრო მეტად დაძაბული უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ტური ესპანეთში პარასკევს, 7 დეკემბერს "ლეგანესისა" და "ხეტაფეს" მატჩით გაიხსნა. სტატისტიკა: მატჩი: 9 გატანილი გოლების რაოდენობა: 30 ყვითელი ბარათი: 41 წითელი ბარათი: 1 ბომბარდირი: ლიონელ მესი 11 გოლი საუკეთესო ასისტი: ლიონელ მესი 8 საგოლე გადაცემა

"ლეგანესი - "ხეტაფე" (1:1)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტური სწორედ ამ მატჩით პარასკევს გაიხსნა. სატურნირო ცხრილის მიხედვით მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა "ლეგანესს" მოგება მეტად სჭირდებოდა. გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს არის. "ლეგანესი" 17 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება "ხეტაფეს", მადრიდელები მე-9 პოზიციას იკავებდნენ და ამ ფრის შემდეგ მე-8 ადგილზე აღზევდნენ. შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო და სტუმრებმა პირველსავე ნახევარში შეძლეს ანგარიშის გახსნა და წინ გასვლა. თავი 39-ე წუთზე კაბრერამ გამოიჩინა. ტაიმი 0:1 დასრულდა. მეორე ნახევარში სრულ უპირატესობას "ლეგანესი" დაეუფლა და შედეგად 64-ე წუთზე ნიომმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი "ლეგანესის" ფეხბურთელმა, რუბენ პერესმა უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. ამრიგად, "ლეგანესი" დარჩა მე-16 ადგილზე. "ხეტაფე" კი მე-8 პოზიციაზე აღზევდა.

"ატლეტიკო" - "ალავესი" (3:0)

ტურის მეორე შეხვედრა შაბათს 8 დეკემბერს ყველაზე ადრე, 16:00 საათზე დაიწყო. მადრიდის "ატლეტიკომ" "ალავესს" უმასპინძლა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე 3:0 დაამარცხა. "ატლეტიკო" მყარად მესამე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება "ალავესს", გუნდმა საუკეთესო სტარტის შემდეგ, ოდნავ გაიუარესა სტატისტიკა და მე-4 ადგილიდან მეხუთეზე დაქვეითდა. ანგარიში კი 25-ე წუთზე ნიკოლა კალინიჩმა გახსნა. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი ბურთი აღმოჩნდა. მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა განაგრძეს უპირატესობის მოპოვება და მატჩის მიწურულს ორი ბურთი გაიტანეს. სხვაობა ორამდე ჯერ 82-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა, ხოლო 87-ეზე როდრიგომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ალავესი" სენსაციას ვეღარ მოახდენს და ოთხეულს დაემშვიდობა.

"ვალენსია" - "სევილია"  (1:1)

ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც "ვალენსიამ" "სევილიას" უმასპინძლა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებული იყო "ვალენსიასთვის". მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 55-ე წუთზე ანგარიში პაბლო სარაბიამ გახსნა. "ვალენსიამ"  შეხვედრის გადარჩენა მხოლოდ 92-ე წუთზე შეძლო. ანგარიში კი დიახაბიმ გაათანაბრა. ამ შედეგით "სევილია" მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ "ბარსელონას" 3 ქულით ჩამორჩება, რაც შეეხება "ვალენსიას", გუნდმა ერთი პოზიციით ქვევით ჩაიწია და მე-15 ადგილს იკავებს. ბოლო 5 თამაშში "ღამურებს" 2 მოგება და 2 მარცხი აქვთ. ერთი კი ფრედ ითამაშეს.

"ვილიარეალი" - "სელტა"  (2:3)

ტურის მომდევნო შეხვედრა "ესტადიო დე ლა კერამიკაზე" შედგა, სადაც "ვილიარეალმა" ვიგოს "სელტა" მიიღო. მატჩი სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო. "ვილიარეალი" ცუდ ფორმაშია და გასავარდნ ზონასთან ახლოს არის. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მე-17 პოზიციაზეა. რაც შეეხება "სელტას", ვიგოელები ორი საფეხურით დაწინაურდნენ და მე-11 პოზიციას იკავებენ. "სელტამ" მეტოქე 2:3 დაამარცხა. ტაიმის მიწურულს მენდეზმა ანგარიში გახსნა და სტუმრები დააწინაურა. მეორე ნახევრის დებიუტში, 49-ე და 51-ე წუთებზე იოკუსლუმ და გომესმა "სელტას" უპირატესობა სამამდე გაზარდეს და თამაშის ბედი გადაწყვიტეს. "ვილიარეალმა" გაიბრძოლა და 83-ე და 87-ე წუთებზე კარლოს ბაკამ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, "ვილიარეალმა" საქმე კიდევ უფრო გაირთულა და გასავრდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

"ესპანიოლი" - "ბარსელონა"  (0:4)

გასულ უქმეებზე მთელი ყურადღება ქალაქ ბარსელონაზე იყო მიპყრობილი, სადაც დერბი გაიმართა. "ესპანიოლმა" "ბარსელონას" უმასპინძლა. მოლოდინი დაძაბული თამაშის და მწვავე ორთაბრძოლის იყო, თუმცა "ბლაუგრანამ" შეხვედრა უბრძოლველად, 0:4 მოიგო. სრული ბენეფისი ჰქონდა ლიონელ მესის, რომელმაც ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა და დუბლით გამოირჩა. მის გარდა კი მთელი გუნდის თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. "ბარსელონამ" ყველაფერი პირველსავე ტაიმში დაასრულა. მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში კი მე-17 წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. 26-ე და 45-ე წუთებზე ოსმან დემბელემ და ლუის სუარესმა სხვაობა გამანადგურებელი გახადეს. ბოლო წერტილი კი, კვლავ ლიონელ მესიმ დასვა 65-ე წუთზე. ამრიგად, "ბარსელონამ" პირველი ადგილი გაიმყარა და 3 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "სევილიას". რაც შეეხება "ესპანიოლს", კატალონიელები მეშვიდედან მე-10 პოზიციაზე დაქვეითდნენ და ბოლო 5 თამაშში 4 წააგეს ისე, რომ გაუშვეს 12 და გაიტანეს 2 ბურთი.

"ეიბარი" - "ლევანტე"  (4:4)

ტურის ყველაზე შედეგიანი და დაძაბული თამაში ეიბარში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა "ლევანტე" მიიღო და შეხვედრა 4:4 დასრულდა. ამ შედეგის შემდეგ "ეიბარი" მე-12 დან მე-14 ადგილზე დაქვეითდა, რაც შეეხება "ლევანტეს", გუნდი მე-6 პოზიციაზე დარჩა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩის პერიპეტიებს, "ეიბარი" ფლობდა უპირატესობას და ანგარიშიც მასპინძლებმა მე-8 წუთზე გახსნეს. "ლევანტემ" პირველსავე ტაიმში შეძლო თამაშის მოტრიალება. მე-9 წუთზე მორალესმა გაათანაბრა, ხოლო 25-ეზე რობერმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა 8 წუთიან მონაკვეთში სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს. 57-ე, 61-ე და 65-ე წუთებზე ესკალანტემ ერთი, ხოლო ჩარლესმა ორი. ანგარიში 4:2 გახდა. "ლევანტე" არ დანებდა და 75-ეზე ჯერ ტონომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 91-ე წუთზე ბორხა მაიორალმა საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

"უესკა" - "რეალი"  (0:1)

თავისი თამაში, რთულად, მაგრამ მაინც მოიგო მადრიდის "რეალმა". გუნდი სტუმრად "უესკას დაუპირისპირდა და 0:1 მოუგო. სატურნირო ცხრილის მიხედვით, მადრიდელთათვის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 14 ტურის შემდეგ "სამეფო კლუბი" ოთხეულში არ იყო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ ხვდებოდა. ამ გამარჯვებით კი, "რეალმა" მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. რაც შეეხება "უესკას", გუნდი ბოლო ადგილზე დარჩა და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში "ლა ლიგა 2"-ში ითამაშებს. მატჩის ერთადერთი ბურთი კი მე-8 წუთზე გარეთ ბეილმა გაიტანა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებს შეეძლოთ გათანაბრება, თუმცა "რეალმა" თავი დაიცვა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.

"რეალ სოსიედადი" - "ვალიადოლიდი"  (1:2) 

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა სან სებასტიანში გაიმართა, სადაც "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადმა" "ვალიადოლიდი" მიიღო. მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა ანგარიში მე-15 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავის გამოჩენა ტონიმ შეძლო. მეორე ნახევარში ანტონიტომ "ვალიადოლიდის" უპირატესობა ორამდე გაზარდა. პრესტიჟის ბურთი კი 62-ეზე ოიარზაბალამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქასირა. ამ გამარჯვებით "ვალიადოლიდი" მე-15 დან მე-12 ადგილზე აღზევდა. რაც შეეხება "სოსიედადს", ბასკები მე-10 ადგილიდან მე-13 ადგილზე დაქვეითდნენ.

"ბეტისი" - "რაიო ვალეკანო"  (2:0)

სათამაშო დღე "ბეტისისა" და "რაიო ვალეკანოს" თამაშით დასრულდა. "ბეტისმა" მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში თანაბარი ორთაბრძოლა წარიმართა, თუმცა 59-ე წუთზე ლო სელსომ თერთმეტ მეტრიანი ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გახსნა. 76-ე წუთზე სიდნეიმ მეორედ აიღო "რაიოს" კარი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. სატურნირო ცხრილში "ბეტისი" ამ გამარჯვებით მე-7 ადგილზე აღზევდა, ხოლო "რაიო ვალეკანო" გასავარდნ ზონაში, მე-19 პოზიციას იკავებს.

"ბილბაო" - "ჟირონა" 

XV ტური "ბილბაოსა" და "ჟირონას" მატჩით დასრულდება. სატურნირო ცხრილის მიხედვით, შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით "ბილბაოსთვის". ბასკები მე-18 ადგილზე არიან და ისტორიაში პირველად შესაძლოა, რომ "ლა ლიგა" დატოვოს და სეგუნდაში გადავარდეს. რაც შეეხება "ჟირონას", კატალონიელები ამ წამის მონაცემებით მე-9 ადგილზე არიან და გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილზე აღზევდებიან. "ბილბაოსა" და "ჟირონას" დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები