Belive

ლიონი : ბარსელონა (პრევიუ)

3 წთ
რამდენიმე წუთის წინ Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და წყვილები უკვე ცნობილია.  "ლიონი" პირველ თამაშში "ბარსელონას" უმასპინძლებს. ეს გუნდები UEFA-ს ეგიდით ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება 2001 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ "ლიონი" და "ბარსელონა" ერთ ჯგუფში  თამაშობდნენ. F ჯგუფის შეხვედრაში მაშინ კატალონიელებმა მეტოქე "ნოუ კამპზე" 2:0 დაამარცხეს. 23 ოქტომბერს იმავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ბარსელონამ" სტუმრად 2:3 მოუგო "ლიონს". ანგარიში პატრიკ კლიუვერტმა გახსნა. "ლიონის" კარი მეორედ რივალდომ აიღო. სხვაობა ლუინდულამ შეამცირა, 1:2. ანგარიშის გათანაბრება ერიკ კარიერემ მოახერხა. "ბარსელონას" კი ბოლო წამებზე ხერარდმა მოაგებინა.
  მესამედ "ლიონი" და "ბარსელონა" 2007 წელს, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. 19 სექტემბერს მატჩი "ნოუ კამპზე" შედგა და კატალონიელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. კლერკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე და მესამე ბურთები კი ლიონელ მესიმ და ტიერი ანრიმ გაიტანეს. მეორე შეხვედრა საფრანგეთში კი ფრედ, 2:2 დამთავრდა. იქ ანგარიში ანდრეს ინიესტამ გახსნა მე-3 წუთზე. ზუსტად 4 წუთში ჟუნინიომ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში ლიონელ მესიმ თერთმეტ მეტრიანი გამოიყენა და "ბარსელონა" კვლავ დააწინაურა. ანგარიშის გათანაბრება კი კვლავ ჟუნინიომ შეძლო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
  2009 წელს "ბარსელონა" და "ლიონი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა "ლიონმა" საკუთარ კედლებში გამართა და მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის დებიუტშივე ანგარიში საჯარიმო დარტყმით ჟუნინიომ გახსნა. თამაშის გადარჩენა კატალონიელებმა 67-ე წუთზე ტიერი ანრის გოლით შეძლეს. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას "ნოუ კამპზე", "ბარსელონამ" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 5:2 გაანადგურა. ესპანელებმა მეოთხედფინალისტის ვინაობა პირველსავე ტაიმში გაარკვიეს. 25-ე და 27-ე წუთებზე ტიერი ანრიმ ფრანგებს დუბლი შეუსრულა. მე-40-ზე ლიონელ მესიმ მესამედ აიღო "ლიონის" კარი. ზუსტად 3 წუთში კი სამუელ ეტო'ომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ტაიმის ბოლოს მაკუნიმ პრესტიჟის ბურთი გაიტანა და ტაიმი 4:1 დასრულდა. მეორე ნახევარში ჟუნინიომ სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა. მატჩის ბოლოს კი სეიდუ კეიტამ მეხუთედ აიღო "ლიონის" კარი და "ბარსელონას" მეოთხედფინალში გასვლა არ გასჭირვებია.
  ამრიგად, 6 გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" მოიგო 4, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. შესაბამისად, "ლიონს" მოგება არ აქვს. ბურთების შეფარდება 16:6-თან "ბარსელონას" სასარგებლოდ.

სხვა სტატიები