Belive

ლივერპულის ტოპ-3 ქამბექი ევროტურნირებზე (ვიდეო)

4 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3 უპასუხო გოლი გაუტანა "ლივერპულს" და ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო მატჩის წინ, სრულიად საფეხბურთო სამყარო ფავორიტად "ბარსელონას" მიიჩნევდა და ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ "ლივერპული" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობას შეძლებდა - თუმცა მერსისაიდულ გრანდს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ არ არსებობს ბარიერი რომლის გადალახვაც შეუძლებელია - განსაკუთრებით "ენფილდზე". "ლივერპული", გრანდი რომელმაც არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი დრამატული ქამბექით ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს არ ყოფნის მიუხედავად, "ლივერპულმა" 4 უპასუხო გოლი გაუტანა "ბარსელონას" და ფინალის საგზური მოიპოვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც მერსისაიდელთა გულშემატკივრებმა, მათთვის საკულტო "ენფილდზე" შექმნეს. კატალონიელთათვის მერსისაიდული ვოიაჟი თავიდანვე მძიმედ დაიწყო. შუაღამეს, სასტუმროს წინ მოწყობილი ფოიერვერკის შემდეგ, მთავარმა ბატალიებმა "ენფილდზე" გადაინაცვლა. სავსე ტრიბუნების მიერ შესრულებულმა ჰიმნმა კი სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მიანიშნა, თუ რა მძიმე წუთების გადატანა ელოდათ.
"ენფილდის" ფაქტორმა და "ლივერპულის" სულისკვეთებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა "ბარსელონას" დამარცხებაში (4:0). ევროტურნირებზე, უკანასკნელი დრამატული ქამბექი, რომელიც "ენფილდზე" შეკრებილმა პუბლიკამ იხილა 2015/16 წლების ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრა იყო, რომელშიც "ლივერპული" "დორტმუნდს" დაუპირისპირდა.
  აღსანიშნავია, რომ პირველი დრამატული და ყველაზე გახმაურებული ქამბექი "ლივერპულმა" 2005 წელს შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ლივერპულსა" და "მილანს" შორის გამართული დრამა დღემდე ითვლება ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფინალად.

"მილანი" 3:3 (2:3 პ.) "ლივერპული"

2005 წლის მაისში, სტამბოლში გამართული ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფინალადაა აღიარებული. დრამატული ფინალის პირველივე წუთზე პაოლო მალდინიმ "მილანი" დააწინაურა. 39-ე და 44-ე წუთებზე კი ერნან კრესპომ კიდევ ორი გაუტანა "ლივერპულს" და პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე გამანადგურებელი ანგარიში (3:0) დააფიქსირა. ნაკლებად წარმოსადგენი იყო, რომ "ლივერპული" სამ ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეძლებდა - თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულები ხდება. მერსისაიდელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ზუსტად 6 წუთი დასჭირდათ. 54-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა პირველი გოლი გაუტანა "მილანს". ზუსტად ორ წუთში ვლადიმირ შმიცერმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მე-60 წუთზე კი ხაბი ალონსომ წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დროში მეტი გოლი აღარ გასულა. პენალტების სერიაში კი "ლივერპულის" ფეხბურთელებმა იმარჯვეს და გამაოგნებელი ქამბექით აღაფრთოვანეს სრულიად საფეხბურთო სამყარო.

"ლივერპული" 4:3 (5:4) "დორტმუნდი"

მორიგი დრამატული ქამბექი "ლივერპულის" შესრულებით. 2015/16 წლების სეზონის ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპზე "ლივერპული" "დორტმუნდს" დაუპირისპირდა. იურგენ კლოპს მისი ყოფილი კლუბის ბარიერის გადალახვა მოუწია. დორტმუნდში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩში "ლივერპული" ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა მერსისაიდელთათვის მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით დაიწყო. ჰენრიკ მხითარიანმა მე-5 წუთზე სტუმრები დააწინაურა. ზუსტად ოთხ წუთში კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. "ლივერპულმა" თამაშში დაბრუნება მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მოახერხა. 48-ე წუთზე, დივოკ ორიგიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ 59-ე წუთზე, მარკო როისმა კვლავ გაიტანა და "დორტმუნდის" უპირატესობა გაზარდა. "ლივერპულმა" ამ ბარიერის დაძლევაც შეძლო. 66-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, 77-ე წუთზე კი მამადუ სახომ წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 91-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი, რომელიც დეიან ლოვრენმა თავური დარტყმით "დორტმუნდის" კარსი გადაგზავნა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (4:3).

სხვა სტატიები