პრემიერლიგა: XVI ტურის მიმოხილვა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა. ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა – რომლის დასრულების შემდეგაც, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა შეიცვალა და მკვეთრად დაიძაბა.

პრემიერლიგის XVI ტურის ცხრა შეხვედრაში 24 გოლი გავიდა, ტურის უკანასკნელ მატჩში კი “ევერტონი” “უოტფორდს” დაუპირისპირდება. “გუდისონ პარკზე” გასამართი შეხვედრა, 11 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზეა ჩანიშნული.

პრემიერლიგის XVI ტურის დასრულების შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერთან ერთად ბომბარდირიც შეიცვალა. ორივე კომპონენტში მერსისაიდული გრანდი, “ლივერპული” დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ “ლივერპული” ერთადერთი გრანდია, რომელიც კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობს. განვლილი 16 ტურის შემდეგ, “ლივერპული” 13 გამარჯვებითა და 3 ფრით (42 ქულა) ლიდერობს პრემიერლიგას.

სტატისტიკა:

მატჩი: 9

გატანილი გოლების რაოდენობა: 24

ყვითელი ბარათი: 38

წითელი ბარათი: 2

ბომბარდირი: მოჰამედ სალაჰი (10), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (10)

საუკეთესო ასისტი: ედენ აზარი (8)

“ბორნმუთი” 0:4 “ლივერპული”

XVI ტური “ბორნმუთი” “ლივერპულის” დაპირისპირებით დაიწყო. იურგენ კლოპის გუნდისათვის აღნიშნული მატჩი უპრინციპულესი იყო. “ლივერპული” ფავორიტის სტატუსით გავიდა მოედანზე და მოწინააღმდეგეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. გუნდის ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა, რითიც ჩემპიონატში გატანილი 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას, ობამეიანგთან ერთად სათავეში ჩაუდგა.

მო სალაჰსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს 10-10 გოლი დაუგროვდათ და მე-3 პოზიციაზე მყოფ ჰარი კეინს 1 გოლით გაასწრეს.

 

“ვესტ ჰემი” 3:2 “კრისტალ პალასი”

უხვგოლიანი გამოდგა “ვესტ ჰემსა” და “კრისტალ პალასს” შორის გამართული მატჩი. ლონდონში, “ოლიმპიურ სტადიონზე” მისულმა გულშემატკივარმა 5 გატანილი გოლი იხილა.

მატჩის პირველი ტაიმი “კრისტალ პალასის” გამარჯვებით დასრულდა – “ვესტ ჰემის” ფეხბურთელებმა ძალების მოკრება მეორე ტაიმში შეძლეს. 48-ე წუთზე სნოდგრასმა წონასწორობა აღადგინა. 62-ე და 65-ე წუთებზე, ჩიჩარიტოსა და ფელიპე ანდერსონის გოლებით “ჩაქუჩებმა” სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. დარჩენილ დროში “კრისტალ პალასმა” მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.

“მანჩესტერ იუნაიტედი” 4:1 “ფულჰემი”

4 მატჩიანი მოუგებელი სერია “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში დამაჯერებელი გამარჯვებით შეწყვიტა. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მოწინააღმდეგე და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. თავის გამოჩენა შეძლო რომელუ ლუკაკუმაც, რომელმაც ხანგრძლივი უგოლო სერია “ფულჰემის” კარის აღებით დაასრულა.

 

“კარდიფი” 1:0 “საუთჰემპტონი”

მორიგი მარცხი იწვნიეს “წმინდანებმა”, რომლებიც ცხრილის ფსკერში, მე-19 პოზიციაზე იმყოფებიან და პრემიერლიგის ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერებად ითვლებიან. “კარდიფის” შემადგენლობაში, გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი პატერსონი გახდა, რომელმაც სტუმართა კარი 74-ე წუთზე აიღო.

“ბარნლი” 1:0 “ბრაიტონი” 

ორივე გუნდმა დაცვაში ზუსტ თამაშზე გააკეთა აქცენტი რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. მინიმალური სახიფათო შეტევების ფონზე განვლილი უღიღამო მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ტარკოვსკიმ მე-40 წუთზე გაიტანა.

“არსენალი” 1:0 “ჰადერსფილდი”

“ემირეიტსზე” შეკრებილი პუბლიკა თითქმის სასწაულის მომსწრე გახდა. ლონდონის “არსენალი”, რომელიც უკანასკნელ ტურებში ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს “ჰადერსფილდის” ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებდა.

სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს “არსენალის” კარში ზუსტი დარტყმა არ განუხორციელებიათ. მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა “არსენალმა” მხოლოდ ორჯერ შეძლო. გადამწყვეტი გამოდგა ლუკას ტორეირას მომენტი, რომელმაც ობამეიანგის გადაცემა დააგვირგვინა და “არსენალს” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

“ჩელსი” 2:0 “მანჩესტერ სიტი”

ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა. ჩემპიონობისათვის ბრძოლის მთავარი პრეტენდენტების დაპირისპირება “ჩელსის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ორივე გუნდის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მათ საკმაოდ მაღალი დონის მატჩი ჩაატარეს, თუმცა ფორტუნა “არისტოკრატების” მხარეს აღმოჩნდა. “ჩელსიმ” ნ’გოლო კანტესა და დავიდ ლუიზის გოლების წყალობით “მანჩესტერ სიტის” ბარიერი გადალახა. აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ სიტიმ” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

 

“ლესტერი” 0:2 “ტოტენჰემი”

მასპინძელთა კარის მიმართულებით “ტოტენჰემმა” მხოლოდ ორი მწვავე შეტევა განახორციელა, რაც გამარჯვების მოსაპოვებლად სრულებით საკმარისი აღმოჩნდა. სონისა და დელე ალის გოლების წყალობით “ტოტენჰემმა” :ლესტერი” დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

 

“ნიუკასლი” 1:2 “ვულვზი”

“სენტ ჯეიმს პარკზე” გამართული დრამა მასპინძელთა მარცხით დასრულდა. ფრედ 1:1 დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ “ნიუკასლი” მოწინააღმდეგის დამარცხებას შეძლებდა, თუმცა მატჩის 57-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დეანდრე იედლინი გააძევა მოედნიდან.

10 ფეხბურთელის ამარა დარჩენილმა “ნიუკასლმა” მატჩის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა – თუმცა უშედეგოდ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე, დოჰერტიმ “ნიუკასლს” მეორე გოლი გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

(1827)

სტატიის ავტორი
-