Belive

პრემიერლიგა: XVII ტურის მიმოხილვა (ვიდეო)

4 წთ
ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა. ცენტრალური დაპირისპირება ლივერპულში, “ენფილდზე” გაიმართა – ისტორიული მტრების, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრძოლა მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. პრემიერლიგის XVII ტურის შემდეგ, სატურნირო თვალსაზრისით მდგომარეობა მკვეთრად არ შეცვლილა. ლიდერმა ოთხეულმა კვლავ გაიმარჯვა, "ლივერპული" კი დღემდე ერთადერთი ინგლისური გრანდია, რომელიც პრემიერლიგაში დაუმარცხებლად ასპარეზობს და პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. მდგომარეობა არ შეცვლილა არც ბომბარდირთა დავაში - პირველ/მეორე ადგილს კვლავ მოჰამედ სალაჰი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი ინაწილებენ. XVII ტურის რამდენიმე შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა, რომელშიც გამარჯვებულის ბედი უკანასკნელ წუთებზე გასულმა გოლებმა გადაწყვიტა. პრემიერლიგის XVII ტურის 10 მატჩში 28 გოლი გავიდა, რაც არც ისე მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკა: მატჩი: 10 გატანილი გოლების რაოდენობა: 28 ყვითელი ბარათი: 26 წითელი ბარათი: 0 ბომბარდირი: მოჰამედ სალაჰი (10), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (10) საუკეთესო ასისტი: ედენ აზარი (9)

"მანჩესტერ სიტი" 3:1 "ევერტონი"

პრემიერლიგის XVII პირველი მატჩი მანჩესტერში, "ეტიჰადზე" გაიმართა. პრემიერლიგის ტიტულისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი, "მანჩესტერ სიტი" "ევერტონს" დაუპირისპირდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მოწინააღმდეგე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა. "ქალაქელები" სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

"კრისტალ პალასი" 1:0 "ლესტერი"

ერთ-ერთი ყველაზე უღიმღამო მატჩი, რომლის გამარჯვებულის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ორივე გუნდმა მინიმალური რაოდენობით შექმნა საგოლე მომენტები და შეხვედრამ საკმაოდ მოწყენილ ვითარებაში ჩაიარა. მატჩის ბედი მილივოჩევიჩის მიერ 39-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

"ჰადერსფილდი" 0:1 "ნიუკასლი"

შეხვედრის ბედი რონდონის მიერ 55-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც "ნიუკასლს" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა არაერთი მწვავე შეტევა განახორციელა თუმცა მეკარეებმა თავი გამორჩეული სეივებით დაგვამახსოვრეს.

"ტოტენჰემი" 1:0 "ბარნლი"

"დეზები" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა გოლმა გადაარჩინა. კრისტიან ერიკსენმა 91-ე წუთზე გაიტანა, რის შედეგადაც "ტოტენჰემმა" მე-3 პოზიცია შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ "ბარნლის" მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა არ განუხორციელებია.

"უოტფორდი" 3:2 "კარდიფი"

პრემიერლიგის XVII ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი. თავდაპირველად უპირატესობას "უოტფორდი" დაეუფლა. მასპინძლებმა სახიფათო მომენტები გოლებად აქციეს და 3 ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. "კარდიფმა" თამაშში დაბრუნება მეორე ტაიმში შეძლო და 2 ბურთი გაქვითვა. საბოლოოდ, გამარჯვება "უოტფორდს" დარჩა.

"ვულვზი" 2:0 "ბორნმუთი"  

უკანასკნელ ტურებში "ვულვზს" საკმაო პროგრესი აქვს. სანტო ესპირიტოს გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-3 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება და ცხრილში პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესა.

"ფულჰემი" 0:2 "ვესტ ჰემი"

"ფულჰემმა" მე-12 მარცხი იწვნია და პრემიერლიგის ფსკერზე იმყოფება. არც ისე ურიგო შემადგენლობის მიუხედავად, "ფულჰემი" პრემიერლიგის მთავარ აუტსაიდერად ითვლება.

"ბრაიტონი" 1:2 "ჩელსი" 

საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოასპარეზე "ბრაიტონი" ძლევამოსილ მეტოქესთან ღირსეულად დამარცხდა. ედენ აზარის ბრწყინვალე თამაშის შედეგად "ჩელსი" ორ ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. "ბრაიტონმა" ერთი ბურთი მეორე ტაიმში გაქვითა, თუმცა მატჩის გადარჩენა მასპინძლებმა ვერ შეძლეს.

"საუთჰემპტონი" 3:2 "არსენალი" 

დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "წმინდანებმა" გასავარდნი ზონა დატოვეს. "საუთჰემპტონი" შეხვედრაში ორჯერ იგებდა, თუმცა "არსენალის" ფეხბურთელებმა ორივე შემთხვევაში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ, ჩარლი ოსტინმა 85-ე წუთზე კვლავ დააწინაურა "საუთჰემპტონი" და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ლივერპული" 3:1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

პრემიერლიგის ისტოირული მტრების დაპირისპირება "ლივერპულის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მერსისაიდულმა გრანდმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა მოწინააღმდეგე, რომელსაც რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. "მანჩესტერ იუნაიტედისაგან" განსხვავებით, "ლივერპულის" ფეხბურთელებმა ყველა დასახულ ამოცანას მარტივად გაართვეს თავი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

სხვა სტატიები