Belive

ჟორჟ ვეას გენიალური გოლი - საკუთარი საჯარიმოდან დაწყებული დრიბლინგი და უზუსტესი დარტყმა

2 წთ
ჟორჟ ვეა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია "მილანის" ისტორიაში - გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლებოდა და მის სათამაშო სტილს ხშირად ლეგენდარულ ბრაზილიელს, რომარიოს ადარებდნენ. იგი სისწრაფით, დაუღლელობით, თავდამსხმელისთვის საჭირო თვისებებით, ფიზიკური სიძლიერითა და შესანიშნავი დრიბლინგით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან აღიარებასაც მიაღწია - 1995 წელს ლიბერიელი ფორვარდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჟორჟ ვეას კარიერა მშობლიურ ლიბერიაში დაიწყო, ევროპის კარი კი მას არსენ ვენგერმა გაუხსნა - 1988 წელს "მონაკომ" ახალგაზრდა ლიბერიელში 150 000 ევრო გადაიხადა, რასაც "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი მოჰყვა. პარიზულ გუნდთან ერთად ვეამ ლიგა 1-ის მოგება შეძლო და 1994-95 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიც გახდა. აფრიკელი ფორვარდისადმი ინტერესს თითქმის ყველა გრანდი გამოხატავდა, თუმცა "მილანმა" ყველას აჯობა და მასში 7 მილიონი ევრო გადაიხადა - როგორც მომავალმა აჩვენა, ჟორჟ ვეაში გადახდილი თანხა, რომელიც 1995 წლისთვის ძალიან დიდ მოცულობას წარმოადგენდა, გამართლებული იყო. "მილანის" შემადგენლობაში ვეამ სერია ა 2-ჯერ მოიგო. მილანური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 114 შეხვედრაში ლიბერიელმა 46 გოლის გატანა შეძლო, თუმცა მათ შორის საუკეთესო, უდავოდ, "ვერონასთან" გატანილი გოლი აღმოჩნდა.
  საინტერესო ფაქტია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ჟორჟ ვეა პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკურ არენაზე იგი ისეთივე წარმატებული გახდა, როგორც საფეხბურთო სტადიონზე. ჟორჟ ვეა ჯერ მონტსერადოს სენატორი გახდა, 2018 წელს კი ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს.

სხვა სტატიები