Belive

ზუსტად 1 წლის წინ დიდი ეპოქა დასრულდა (ვიდეო)

2 წთ
2018 წლის 16 იანვარი მსოფლიო ფეხბურთისთვის არც ისე სასიამოვნო დღეა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. გაუჩოს კარიერა 1998 წელს "გრემიოში" დაიწყო. 2001 წელს ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში გადავიდა და "პარი სენ-ჟერმენის" მაისური მოირგო. "პსჟ"-ში მან 2 სეზონის განმავლობაში ითამაშა და "ბარსელონას" ყურადღება მიიქცია. 2003 წელს სწორედ "ბლაუგრანამ" შეიძინა და აქ დაიწყო ბრაზილიელის აღზევება. "ბარსელონაში" გატარებულმა ხუთმა სეზონმა ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცია. "ბარსელონაში" მწვრთნელის შეცვლამ მისი ესპანური კარიერა დაამთავრა და "მილანს" მიაშურა. "მილანიდან" კი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა 2018 წელს "ფლუმინენსეში" დაასრულა. რონალდინიომ 8 სხვადასხვა კლუბში ითამაშა და ჯამში 728 შეხვედრა ჩაატარა. ამ მატჩებში მან 280 ბურთის გატანა შეძლო. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისური 97-ჯერ მოირგო და 33 ბურთი გაიტანა. "ბარსელონასთან" ერთად ორჯერ მოიგო "ლა ლიგა", ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ესპანეთის სუპერ თასი. "მილანის" რიგებში მან ერთადერთხელ შეძლო "სერია ა"-ს მოგება. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1999 წელს კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. 2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. 2005 წელს კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2008-ში ოლიმპიურ ბრინჯაოს დასჯერდა. რონალდინიოს პატივი ერგო, რიო დე ჟანეიროში, "მარაკანას" სტადიონის დიდების დარბაზში ზიკოსთან და პელესთან ერთად მისი ნაფეხურები ყოფილიყო გამოქვეყნებული, როგორც ექსპონატი.

სხვა სტატიები